ოპოზიციური პარტიების ლიდერები და მათი მხარდამჭერები ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან მთელი ღამის განმავლობაში დარჩენას და კარვების გაშლას გეგმავენ.
„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია აცხადებს, რომ ისინი იქამდე იქნებიან ცესკოსთან, ვიდრე მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.
„აქ ყველანი ვართ მიზნის მისაღწევად. აქ ჟვანია გამყალბებელი არ უნდა აყალბებდეს, ის აყალბებს და აყალბებს. ჩვენ აქ უნდა ვიყოთ იმიტომ, რომ არავინ აღარ აყალბებდეს და ამ ადამიანს მოუწიოს სახლში წასვლა და ახალი არჩევნები ჩატარდეს. ეს ბრძოლა დაიწყო, გრძელდება და დამთავრდება ხალხის გამარჯვებით. აქ ვართ! არავინ მივდივართ, ბრძოლა ბოლომდე! – განაცხადა მელიამ.
ცნობისთვის, 8 ნოემბერს, პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე ნიკა მელიამ დემონსტრანტებს ცესკოსთან გადაადგილებისკენ მოუწოდა.
„ვერავინ იქ ვეღარ შევა, ვერავინ იქიდან ვეღარ გამოვა“, – განაცხადა მელიამ.
აქციის მონაწილეებმა ცესკოს შენობაში შესვლა სცადეს. გავრცელდა კადრები, რომელშიც ჩანს, როგორ ცდილობენ აქტივისტები ჯებირების მორღვევას. სიტუაცია კიდევ უფრო დაიძაბა, რაც ადგილზე სპეცრაზმი გამოჩნდა და მათი დაშლა დაიწყო. ცესკოსთან პოლიციამ მომიტინგეების მისამართით წყლის ჭავლი გამოიყენა.











