მინდა, კიდევ ერთხელ დავადასტურო სრული სოლიდარობა ნიკასადმი, ჩვენ ვართ თანამოაზრეები და სიმართლის მხარეს ვდგავართ – განაცხადა „ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ.
„დღეს ნიკა მელია არის სიმბოლო უსამართლოდ დაჩაგრული ადამიანის, მაგრამ ხედავთ, რომ არ არის დაჩაგრული, ვერ დაჩაგრავენ ვერც მას და ვერც თითოეულ ჩვენგანს და მონებად ვერ გვაქცევენ.
აქ ვართ იმიტომ, რომ არ შეიძლება დღეს საქართველოში ადამიანი იყოს ნეიტრალური, ან უნდა იყო სიმართლის მხარეს, ან უნდა იყო მონა, ან უნდა იყო „ქართული ოცნების“ მხარეს, ან სრულიად ოპოზიციის და სიმართლის მხარეს. დღეს ეს არჩევანი გვაქვს გასაკეთებელი. რადგან ჩვენ ვიხილეთ მონური პარლამენტი, გვყავს პრეზიდენტი მონა, გვყავს სასამართლო და პროკურატურა მონური ერთგულებით და მორჩილებით, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ქართველი ხალხი მონობას არ შეეგუება.
ჩვენ დღეს ვინც აქ ვართ თვალი არ დავხუჭეთ და მზად ვართ ასე მშვიდობიანად, ერთად დგომით სამართალი და შვილების-შვილიშვილების მომავალი დავიცვათ. არ გაბედოს ხელისუფლებამ ძალისმიერი მეთოდის გამოყენება. მსოფლიო ისტორიაში შევა, როგორც ბარბაროსი ხელისუფლება, რადგან ისტორიაში არ ყოფილა, რომ გირაოს გადაუხდელობის გამო პარტიული ოფისი დაერბიათ და ლიდერი ძალადობრივად აეყვანათ, ან მცდელობა ჰქონოდათ“, – განაცხადა ბურჯანაძემ.
შეგახსენებთ, სასამართლომ ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.










