„როგორც მოსალოდნელი იყო, არცერთ მნიშვნელოვან საკითხზე, რაზეც დაპირისპირება არსებობს თავისუფალ სამყაროს, მის ლიდერს, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და რუსეთის პუტინს შორის, გარღვევა არ მომხდარა, ყველა პროგნოზი ასეთი იყო, აქ მოულოდნელობა არ არსებობს. ეს დაპირისპირება თავისუფალ სამყაროს, პუტინის რუსეთსა და ტოტალიტარულ ქვეყნებს შორის გაგრძელდება და მომავალში შეიძლება, გამწვავდეს კიდეც”, – ასე აფასებს „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე გიგა ბოკერია ბაიდენი-პუტინის შეხვედრას.
“ჩვენი ქვეყნის გადმოსახედიდან მთავარი პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენი საკითხი საქარველოს ოკუპაციის და სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის და დემოკრატიის წინააღმდეგ პუტინის რუსეთის განგრძობადი აგრესიის საკითხი არ დგას უმაღლესი დღის წესრიგის დონეზე. დიდი ხანია ასეა და ვერც ამ ეტაპზე მოხერხდა, თუნდაც უკრაინასთან ერთად წამოწეულიყო წინ.
ჩვენ გვაქვს ჩვენი უზარმაზარი პრობლემა. არ გვყავს მთავრობა, რომელიც ამ საკითხზე და სხვა ჩვენს ეროვნულ ინტერესებში შემავალ საკითხებზე იმუშავებდა აქტიურად, მათ შორის, შეაწუხებდა პარტნიორებს, როდესაც აუცილებელია, როგორც ამას აკეთებს უკრაინის ხელისუფლება და პრეზიდენტი.
უფრო მეტიც, ყველა საბუთი და ნიშანი გვაქვს, იმის რომ მთელი ამ წლების განმავლობაში, ივანიშვილის რეჟიმი სხვადასხვა ინტენსივობით ასრულებდა ჩვენი ქვეყნისთვის უაღრესად მავნებლურ ამოცანას, რაც დეკლარირებული ჰქონდა თავის პროგრამაში – საქართველო გაქრეს, როგორც დაპირისპირების საგანი რუსეთსა და დასავლეთს შორის, რაც ჩვენი ეროვნული ინტერესებისთვის საზიანოა“,- აღნიშნავს ბოკერია.











