„ დღეს ივანიშვილის რეჟიმის წყალობით მსჯელობა არის იმაზე, როგორ მიაქანებს უფსკრულისკენ ეს ხელისუფლება ქვეყანას და რა უნდა მოიმოქმედონ ჩვენმა მეგობრებმა ამის შესაჩერებლად“,- ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიგა ბოკერიამ განაცხადა.
როგორც ბოკერია აღნიშნავს, მსგავსი მძიმე საკომიტეტო მოსმენა საქართველოსთან დაკავშირებით მას არ ახსენდება.
„არ მახსოვს და არც ყოფილა ამასთან მიახლოებული, არათუ მსგავსი მძიმე საკომიტეტო მოსმენა სენატში საქართველოსთან დაკავშირებით, საქართველოს ხელისუფლების საქციელის გამო. ერთადერთი, რასაც შემიძლია შევადარო, თუმცა გარემოებები არ არის იდენტური, უნდა შევადაროთ „ვარდების რევოლუციამდე“, შევარდნაძის ხელისუფლების მიმართ დამოკიდებულებას.
ჩვენი ეროვნული ინტერესი იყო, რომ სკომიტეტო მოსმენები მთავარი სტრატეგიული პარტნიორის პოლიტიკურ ელიტაში ყოფილიყო იმაზე, როგორ წავა საქართველო წინ – ნატო-ში გაწევრიანების გზით, ამერიკასთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების მიღწევის გზით, თავისუფალ სამყაროში დაბრუნების გზით.
ეს უსიამოვნო საყურებელია, მაგრამ პარადოქსია! ამ ძალიან სახიფათო ვითარებაში ეს ფაქტორი ჩვენ უნდა გამოვიყენოთ, რომ ივანიშვილის რეჟიმმა ბოლომდე არ შეტოპოს და გარე ზეწოლით, ქვეყნის შიგნით პროტესტთან ერთად, დროზე მოვიყვანოთ გონზე“, – განაცხადა ბოკერიამ.










