დედაქალაქის მერი, კახა კალაძე ბანერების შესახებ საუბრობს, სადაც ოპოზიციის რამდენიმე ლიდერია გამოსახული წარწერით: „არა ნაცებს, არა ბოროტებას! არა ღალატს!“.
როგორც კალაძე ამბობს, ბანერებს მასთან არანაირი კავშირი არ აქვს.
„ჩემსკენ ვერ გამოიშვერენ ხელს, ჩვეულებრივად მათი ბინძური პიარის ნაწილია რასაც ისინი მთელი ამ ხნის განმავლობაში ახორციელებენ ჩემს მიმართ, ჩემი ოჯახის მიმართ, ჩემი მეუღლის მიმართ და ამ ადამიანებისგან არაფერი არ მიკვირს და გულწრფელად გულიც არ მწყდება. არის კონკრეტული ადამიანები, ვინც გამოაკრა ეს ბანერები და შეგიძლიათ მიმართოთ მათ. არანაირი კავშირი ამ ბანერებს ჩემთან არ აქვს. დედაქალაქის იერსახეს ვისთვის ამახინჯებს, ვისთვის არა – მე არ მომწონს”, – განაცხადა კალაძემ.
თბილისის ქუჩებში ისევ გამოჩნდა „სისხლიანი ბანერები“. როგორც გაირკვა, იდეის ერთ-ერთი ავტორი, ბიზნესმენი მიხეილ გაბრიაძეა.
გაბრიაძემ „პრაიმტაიმთან“ საუბრაში ფაქტი დაადასტურა და თქვა, რომ ეს ნამდვილად მისი და მისი მეგობრების ინიციატივაა, რადგან „ნაციონალური მოძრაობის“ დაბრუნებას არ დაუშვებენ.











