პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი „ტვ პირველთან“ დაკავშირებით მასალების ამოღების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილებას ემხაურება.
როგორც ღარიბაშვილი ამბობს, ინფორმაცია, რომ ვინმე ტელევიზიაში შეჭრას აპირებს, აბსურდია.
„ტვ პირველის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თითქოს მთავრობა აპირებს რომელიმე ტელევიზიაში შეჭრას, ეს არის აბსოლუტურად ყოველგვარ საფუძველს მოკლებული და აბსურდი. არანაირი შეჭრა არ იგეგმება და მე მინდა შევახსენო ჩვენს ოპონენტებს, რომ დღეს ჩვენ ვართ 2021 წელში, ეს არ არის 2007 წელი, როცა მოხდა „იმედის“ დარბევა. ჩვენ ეს ყველაფერი ჩავტოვეთ და დავასრულეთ 2012 წელს . არავითარი პანიკის საფუძველი არ არსებობს“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
შეგახსენებთ, სასამართლომ „TV პირველიდან“ პროკურატურას მასალების ამოღების უფლება მისცა. შესაბამისი განჩინება ტელეკომპანიას უკვე მიუვიდა.
„განჩინებით ირკვევა, რომ პროკურატურამ არა ის აუდიოჩანაწერები მოითხოვა, სადაც სავარაუდო დანაშაულზეა საუბარი, არამედ მოითხოვა რაღაც კონვერტი და ელექტრონული მატარებელი, რომელიც თითქოს ჟურნალისტებს მიაწოდეს, “- ამბობს საინფორმაციო გადაცემის წამყვანი ეთუნა ინწკირველი.
„TV პირველმა“ 6 მარტს გაავრცელა ჩანაწერები, რომელზეც, სავარაუდოდ, ბერა ივანიშვილი, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და სახელმწიფო დაცვის სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძე ფიგურირებენ და გეგმავენ ანგარიშის გასწორებას მათთვის, ვინც სოციალურ ქსელებში ბერა ივანიშვილის მიმართ შეურაცხმყოფელ კომენტარებს წერდა.










