არასამთავრობო ორგანიზაციები მმართველ პარტიასა და ოპოზიციას მოლაპარაკებებისკენ მოუწოდებენ.
როგორც გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ჯერ კიდევ არის შანსი, რომ მოლაპარაკებებით სიტუაცია ჩიხიდან გამოვიდეს.
„მოვუწოდებთ როგორც მმართველ, ასევე ოპოზიციურ პარტიებს დაიწყონ მოლაპარაკებები, მათ შორის საერთაშორისო საზოგადოების მედიაციით, ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანის მიზნით.
მიუხედავად იმისა, რომ 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები საქართველოსთვის აშკარად უკან გადადგმული ნაბიჯი და „ქართული ოცნების” ხელისუფლების პირობებში ჩატარებული ყველაზე ცუდი არჩევნები იყო, მიგვაჩნია, რომ ჯერ კიდევ არსებობს შანსი იმისა, რომ პოლიტიკური დიალოგის გამოყენებით ჩიხური სიტუაციიდან გამოსავალი მოიძებნოს.
მნიშვნელოვანია ყველა მხარემ მაქსიმალური ძალისხმევა გასწიოს, რომ ქვეყანას ავაცილოთ უმძიმესი პოლიტიკური კრიზისი, რასაც კიდევ უფრო ამძიმებს მზარდი პანდემია და ეკონომიკური რეცესია
დარწმუნებულები ვართ, რომ ეს მცდელობა აუცილებელია და ქვეყნისა და საზოგადოების ინტერესებში შედის. ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ამ რთულ დროს ჩვენი ქვეყნის განვითარება არ შეფერხდეს“,- ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.
განცხადებას ხელს საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაიცია და სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება აწერს.
ცნობისთვის, 8 ნოემბერს, პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე ნიკა მელიამ დემონსტრანტებს ცესკოსთან გადაადგილებისკენ მოუწოდა.
„ვერავინ იქ ვეღარ შევა, ვერავინ იქიდან ვეღარ გამოვა“, – განაცხადა მელიამ.
აქციის მონაწილეებმა ცესკოს შენობაში შესვლა სცადეს. გავრცელდა კადრები, რომელშიც ჩანს, როგორ ცდილობენ აქტივისტები ჯებირების მორღვევას. სიტუაცია კიდევ უფრო დაიძაბა, რაც ადგილზე სპეცრაზმი გამოჩნდა და მათი დაშლა დაიწყო. ცესკოსთან პოლიციამ მომიტინგეების მისამართით წყლის ჭავლი გამოიყენა.
ოპოზიციის ლიდერები და მათი მხარდამჭერები დღეს რუსთაველზე ისევ იკრიბებიან.
ცესკოთან განვითარებულ მოვლენებზე ყველა ინფორმაცია და ვიდეო ნახეთ აქ











