„არჩევანი, რომელსაც ჩვენ 31 ოქტომბერს გავაკეთებთ, წლების განმავლობაში საქართველოს შემდგომ დემოკრატიულ განვითარებას განსაზღვრავს“ – ამის შესახებ გიორგი გახარიამ საბურთალოზე „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, დავით სერგეენკოს წარდგენისას განაცხადა.
„ჩვენ აუცილებლად უნდა გავაგრძელოთ ქვეყნის აღმშენებლობა და ყველა უნდა შევეგუოთ, იმ გამოწვევების პირობებში, როგორიც არის პანდემია, ვირუსი, როდესაც ჩვენ კამპანიის ჩატარება გვიწევს პირბადეებით, ჩვენ უნდა ვხვდებოდეთ და უნდა გავიაზროთ, რომ არ უნდა გავჩერდეთ არც ერთი დღე.
როგორც ბოლო ერთი წლის განმავლობაში არცერთი სისტემური ინფრასტრუქტურული პროექტი ქვეყანაში არ გაჩერებულა. ისე როგორც საბურთალოზე და თბილისში არცერთი ინფრასტრუქტურული პროექტი არ გაჩერებულა. ჩვენ ასე უნდა გავაგრძელოთ. ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა ჩვენი მომავალი თაობების წინაშე და ეს არის ჩვენი ზრუნვა ერთმანეთის წინაშე, როდესაც ჩვენ ვუფრთხილდებით ჩვენს მოხუცებს, როდესაც ჩვენ ვატარებთ პირბადეს და ელემენტარულ წესებს ვიცავთ.
ყველას ძალიან კარგად უნდა გვესმოდეს ერთი რამ: რა თქმა უნდა, ეს არის ძალზედ მნიშვნელოვანი არჩევნები, რა თქმა უნდა, ჩვენ გვმართებს ურთიერთპასუხისმგებლობა, რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა დავიცვათ ელემენტარული წესები, მაგრამ, რაც მთავარია, ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ პანდემია გაივლის, ეკონომიკურ კრიზისსაც დავძლევთ, მაგრამ არჩევანს, რომელსაც ჩვენ გავაკეთებთ 31 ოქტომბერს, ეს არჩევანი განსაზღვრავს წლების განმავლობაში საქართველოს შემდგომ დემოკრატიულ განვითარებას“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.











