საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ “დღის კურიერის” ეთერში ისაუბრა იმაზე, რომ კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტები ხშირად კონკრეტულ კლინიკაში და კონკრეტული ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ ყოფნას ითხოვენ.
„ამ დეტალებს ჩვენ თვალყურს ვადევნებთ. ძალიან პოპულარულია საქართველოში WhatsApp ჩატით გარკვეული ინფორმაციის მიმოცვლა. მე ვარ თითქმის ყველა WhatsApp ჩატში და, შესაბამისად, ვფლობ პირადად ყველა ამ ინფორმაციას და ვაკვირდები ამ მიმოწერებს. ვერევი მხოლოდ იმ დახმარებაში, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს ყველა უწყებას ესაჭიროება და იმისათვის, რომ ეს პროცესი იყოს კონტროლზე აყვანილი და გარდა კონტროლისა, ჩვენ მოვახდინოთ დროული რეაგირება. ეს არის ერთ-ერთი მარტივი საშუალება, რომლითაც ჩვენ ვფლობთ გარკვეულ ინფორმაციას. არანაირ მოსმენებზე საუბარი არ არის და ამის არანაირი ინტერესი არ გამაჩნია.
რაც შეეხება კარგ და ცუდ კლინიკას – მე მესმის, რომ ეს ტრენდი და ტრადიცია არსებობს, რომ ძალიან გთხოვთ გადამიყვანეთ ამ კლინიკაში, ამ სართულზე, ამ ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ, იქ უფრო საიმედო ხელში ვიქნები, ამ ექიმის რწმენა უფრო მაქვს და ჩემი გამოჯანმრთელების პროცესი უკეთ წარიმართება და ა.შ. მივიჩნევ, რომ ეს არის ძალიან არასწორი მიდგომა, ეს აუცილებლად უნდა შეიცვალოს და ჩვენ უნდა გვქონდეს ერთნაირი რწმენა იმის, რომ საქართველოს კლინიკაში უნდა იყოს და აუცილებლად იარსებებს ერთნაირი და უმაღლესი ხარისხის მომსახურების სტანდარტი,”-განაცხადა მინისტრმა.
მისივე განცხადებით, ამ მიზნით შეიქმნა კლინიკური ჯგუფი, რომლის შემადგენლობაში მყოფ ექიმებს აქვთ ლეგიტიმაცია, დაეხმარონ თავიანთ კოლეგებს რთული პაციენტების მართვაში.











