აშშ-ის სურსათისა და წამლის ადმინისტრაციამ კოვიდინფიცირებული პაციენტების საავადმყოფოებში სამკურნალოდ ანტივირუსული პრეპარატი „რემდესივერი” ოფიციალურად დაამტკიცა. ამის შესახებ BBC- წერს.
როგორც მარეგულირებელ ორგანოში აცხადებენ, „რემდესივერზე“ ჩატარებულმა კლინიკურმა გამოკვლევებმა აჩვენა, რომ პრეპარატმა გამოჯანმრთელების საშუალო დრო ხუთი დღით შეამცირა.
„პრეპარატი დამტკიცებულია კოვიდ 19-ის სამკურნალოდ 12 წლისა და მეტი ასაკის პაციენტებისთვის, რომელთა წონა სულ მცირე 40 კილოგრამია და რომლებიც ჰოსპიტალიზაციას საჭიროებენ“, – აღნიშნულია აშშ-ის სურსათისა და წამლის ადმინისტრაციის განცხადებაში.
მათივე ინფორმაციით, „რემდესივერის” დამტკიცების შესახებ გადაწყვეტილება სხვადასხვა კლინიკურ ცდებს ეფუძნება.
„დღევანდელ დამტკიცება, რომელიც სააგენტოს მიერ მკაცრად შეფასებულ მრავალი კლინიკური კვლევის მონაცემებს ემყარება, კოვიდ -19-ის პანდემიაში მნიშვნელოვან სამეცნიერო ეტაპს წარმოადგენს“, – აცხადებს აშშ-ის სურსათისა და წამლის ადმინისტრაციის კომისარი სტივენ ჰანი.
ამასთან ორგანიზაციის მტკიცებით, ერთ-ერთმა კვლევამ აჩვენა, რომ მონაწილეთა იმ ჯგუფში, რომელსაც „რემდესივერით“ მკურნალობდნენ, გამოჯანმრთელების საშუალო დრო 10 დღე იყო, რაც 5 დღით ნაკლებია იმ პაციენტების გამოჯანმრთელების დროზე, რომლებსაც პლაცებოს გამოყენებით მკურნალობდნენ.











