ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში 1 ოქტომბრიდან ორ ლოკაციაზე სამძებრო-სამაშველო სამუშაოები ისევ მიმდინარეობს. მაშველები სოფელ ქვედა ჯოჭოში არასრულწლოვანს ეძებენ, ხოლო მდინარე მეჯინისწყალში გადავარდნილი ავტომანქანის მძღოლს.
როგორც აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თირნიკე რიჟვაძემ განაცხადა, გეოლოგებთან ერთად შეფასდება არსებული ვითარება და გაგრძელდება, როგორც სამძებრო სამუშაოები, ასევე შემუშავდება სპეციალური ღონისძიებები ზიანის შემცირებისა და ანაზღაურების თვალსსზრისით.
„გრძელდება სამძებრო სამუშაოები. ეძებენ არასრულწლოვანს. აჭარაში განსაკუთრებული ზიანი მიადგა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტს. სამძებრო სამუშაოებთან ერთად, ხდება სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებების ფარგლებში იმ ზარალის შეფასება, რომელიც მიადგა ხელვაჩაურს. გეოლოგებთან ერთად, შეფასდება არსებული ვითარება და რა თქმა უნდა, გაგრძელდება როგორც სამძებრო სამუშაოები, ასევე, შესაბამისი ღონისძიებები იქნება შემუშავებული ზიანის შემცირებისა და ანაზღაურების თვალსაზრისით.
მაშველები მეჯინისწყალზეც აგრძელებენ სამძებრო სამუშაოებს. გუშინ რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, ვერ მოხერხდა პოვნა, მაგრამ ყველა სამსახური მუშაობს ბოლომდე იმისათვის, რომ მაქსიმალურად მოხდეს ყველა იმ კერის გამოვლენა სადაც შესაძლოა ეს ადამიანი იმყოფებოდეს,”- განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.
შეგახსენებთ, სტიქიას აჭარაში ოთხი ადამიანი ემსხვერპლა. ორი დაკარგულის სამძებრო-სამაშველო ღონისძიებები ამ წუთებშიც აქტიურად მიმდინარეობს.
ავტორი: ნაირა ქობულაძე











