აჭარის მთავრობის სახლთან, ე.წ. „თავისუფლების კვარტალში“, სადაც გაერთიანებული ოპოზიცია ხელახალი არჩევნების მოთხოვნით აქციებს მართავს, დღეს სხვადასხვა ოპოზიციური ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებმა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ ქართველი ერის წინაშე ბოდიშის მოხდის მოთხოვნით აქცია გამართეს.
როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, სტრასბურგის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება არის საქართველოს გამარჯვება, მაგრამ არა იმ საქართველოს, რომელსაც სალომე ზურაბიშვილი მართავს, არამედ იმ საქართველოს გამარჯვებაა, რომელსაც მიხეილ სააკაშვილი მართავდა.
აქციის მონაწილეები მოუწოდებენ საქართველის მოქმედ პრეზიდენტს, მადლობა გადაუხადოს ქართულ ჯარს და საჯარო ბოდიში მოიხადოს ქართული ჯარის, ქართველი ერისა და განსაკუთრებით კი, 2008 წლის ომში დაღუპული ქართველი გმირების წინაშე, რადგან ომის წამოწყებაში ქართული ჯარი და მთავარსარდალი დაადანაშაულა.
“დღეს აქ ვითხოვთ სალომე ზურაბიშვილისგან, საქართველის მოქმედი პრეზიდენტისგან ბოდიშის მოხდას ქართველი ერის წინაშე, იმ გმირების წინაშე, რომლებიც იცავდნენ საქართველო 2008 წელს, იმ ოჯახების წინაშე, რომლებმაც დაკარგეს ქართველი გმირები. იმ შვილების წინაშე, რომლებმაც დაკარგეს გმირი მამები. სტრასბურგის გადაწყვეტილების შემდეგ კიდევ ერთხელ დადასტურდა ის ფაქტი, რომ საქართველოში მოხდა რუსული ოკუპაცია.
სალომე ზურაბიშვილი მთელი ამ ხნის განმავლობაში ამტკიცებდა საპირისპიროს და მას აქვს მხოლოდ ორი არჩევანი, ან საერთოდ არაფერი არ ილაპარაკოს, საერთოდ არანაირი განცხადება არ გააკეთოს, ან უბრალოდ გამოვიდეს საჯაროდ მოუხადოს ბოდიში ქართველ ერს, ქართველ გმირებსა და ქართველ ჯარისკაცებს.
ეს არის ჩვენი მოთხოვნა და ეს არ იქნება ერთდღიანი კამპანია, ეს გაგრძელდება მანამ, სანამ, ბუნებრივია სალომე ზურაბიშვილი არ მოიხდის ბოდიშს. შემდეგ კი დადგება მისი პასუხისმგებლობის საკითხი აუცულებლად, როდესაც ქართველი ხალხი შეცვლის ამ ხელისუფლებას და მიადგება სალომე ზურაბიშვილს შესაცვლელად “- განაცხადა საზოგადოებრივი მოძრაობა “საქართველოს ბურჯის” წარმომადგენელმა ირაკლი ჩხვირკიამ.
ავტორი: ნაირა ქობულაძე











