“მექრთამე ჩმორნიკე“, “ბათუმი ჩემი ბედია, ის ჩემთვის ქალაქზე მეტია!” “ბათუმის მტერი ამბასადორი“, “გადამგდები რიჟვაძე”- ამ ლოზუნგებით ამ წუთებში აჭარის მთავრობის სახლთან ოპოზიციურად განწყობილი სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის წევრები აქციას მართავენ და მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძესთან შეხვედრას ითხოვენ.
აქციის მონაწილეები ბათუმის ბულვარში “ამბასადორი ბათუმის” 16 სართულიანი სასტუმროსა და გამაჯანსაღებელი კომპლექსის აშენებას აპროტესტებენ.
როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, გასული წლის 5 იანვარს თორნიკე რიჟვაძემ ამბასადორის მშენებლობასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა და თქვა, რომ მშენებლობა ოთხ სართულიანი იქნებოდა. ხოლო ამ წლის 2 თებერვალს 16 სართულის აშენებას ოპტიმალური ვარიანტი და ლეგიტიმური უწოდა.
“ჩვენ ვითხოვთ მასთან შეხვედრას და ვაძლევთ ერთ დღეს კონტაქტზე გამოსასვლელად როგორც ჩვენთან, ასევე მედიასთან გააკეთოს განცხადება რატომ შეცვალა გადაწყვეტილება. თუ ის არ გააკეთებს განცხადებას ამ თემასთან დაკავშირებით, ვპირდებით მას, რომ აუცილებლად შეიცვლება აქციის ფორმები, ექნება მასობრივი დატვირთვა აქციებს. ეს მუქარა არ არის, ვპირდებით, რომ მას არ შევუშვებთ სამუშაო კაბინეტში და მოვთხოვთ განცხადების გაკეთებას”- აცხადებს “იმოქმედეს” წევრი ლევან გორგილაძე.
აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცავები.
შეგახსენებთ, 21 იანვარს აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ ბათუმის ბულვარში 16 სართულიანი სასტუმროს მშენებლობის ნებართვა გასცა, რასაც არაერთი საპროტესტო აქცია მოყვა.











