ბათუმში ბუნებრივი აირის მიწოდება დღეს დილიდან ეტაპობრივად დაიწყო, თუმცა ამ დროისთვის აბონენტთა მინიმალური რაოდენობაა ქსელში ჩართული.
პირველ რიგში ბუნებრივი აირის მიწოდება აღდგა სტრატეგიულად მნიშვნელოვან ობიექტებზე, საავადმყოფოებში, კოვიდსასტუმროებსა და პურის საცხობებში.
როგორც „სოკარ ჯორჯიაში” “პრაიმტაიმნიუსს” უთხრეს, სრულად პროცესი ხვალ დღის ბოლომდე დასრულდება.
„აჭარაში გაზის მიწოდება დაიწყო და მიმდინარეობს ეტაპობრივად. სავარაუდოდ, დღეს ვერ დასრულდება სრულად აღდგენა და ხვალ, დღის ბოლომდე ბათუმის ყველა აბონენტს მიეწოდება ბუნებრივი აირი. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, პირველ ეტაპზე აირი მიეწოდოს სტრატეგიულად მნიშვნელოვან ობიექტებს”- განაცხადეს “„სოკარ ჯორჯიაში”.
„სოკარ ჯორჯია“ აბონენტებს მოუწოდებს უსაფრთხოების გამო დაკეტილ მდგომარეობაში დატოვონ გაზის დანადგარები.
შეგახსენებთ, ცენტრალური მილსადენის ქობულეთის მონაკვეთზე ავარიული დაზიანების გამო გუშინ ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწდა აჭარისა და გურიის აბონენტებს.
ავტორი: ნაირა ქობულაძე











