საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ვაჟის, ედუარდ სააკაშვილის სკანდალური განცხადება, შესაძლოა, ოპოზიციაში მორიგი განხეთქილების მიზეზი გახდეს. საუბარია სააკაშვილის ვაჟის იმ განცხადებაზე, რომელშიც ნათქვამია, რომ ოპოზიციის ნაწილს „მიხეილ სააკაშვილი მკვდარი უფრო ურჩევნია, ვიდრე ცოცხალი“.
ამ განცხადებამ თავად მიხეილ სააკაშვილიც ისეთ უხერხულ მდგომარეობაში ჩააგდო, რომ მას საჯაროდ მოუწია საკუთარი პოზიციის დაფიქსირება და მისი ვაჟის განცხადების უარყოფა.
აწყობთ თუ არა ოპოზიციაში სააკაშვილის ლიკვიდაცია და რამდენად ობიექტურია ედუარდ სააკაშვილის პოზიცია, „პრაიმტაიმმა“ ამ კითხვებით ოპოზიციონებს მიმართა.
როგორც პარტია „კანონისა და სამართლის“ ლიდერი თაკო ჩარკვიანი აცხადებს, შესაძლოა, ედუარდ სააკშვილის განცხადება რეალური იყოს.
„ეს ედუარდ სააკაშვილის შეგრძნებებია, შეიძლება, მან სწორადაც იგრძნო ეს ყველაფერი და ასეთი განცხადება, ამიტომ გააკეთა. ზოგადად, მე ბევრი რამ არ მომწონს და საბედნიეროდ, ბევრი ძალიან კარგი პოლიტიკოსი გვყავს ოპოზიციაში.
მიშამ ძალიან საინტერესოდ თქვა, ეს ედუარდის პოზიციაა. ეს ახალგაზრდა კაცი ძალიან ჭკვიანია და მისი განცხადება ძალიან დასაფიქრებელია“,- გვითხრა ჩარკვიანმა.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ანა წითლიძე აცხადებს, რომ ედუარდ სააკაშვილის განცხადება რეალობასთან ახლოსაც არ არის.
„ედუარდ სააკაშვილთან არაფერი არ მაკავშირებს, მისი განცხადება ვნახე, მაგრამ კომენტარს არ გავაკეთებ. ის არის ჩვეულებრივი სრულწლოვანი ადამიანი, ის არც პოლიტიკოსია, რომ მისი განცხადება შევაფასო. დარწმუნებული ვარ, რომ არ არის რეალობასთან ახლოს მისი განცხადება“, – განაცხადა წითლიძემ.
შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილის ვაჟმა ედუარდ სააკაშვილმა „რადიო თავისუფლებასთან“ ინტერვიუში განაცხადა:
„შემზარავია, როდესაც მესმის ოპოზიციის მხრიდანაც იმაზე საუბარი, რომ აი, თქვენ არ იცით, რა მოხდება, რას დავატრიალებთ. ფაქტობრივად, ნებით თუ უნებლიეთ ვიღაცებს მოთხოვნილება უჩნდებათ, ეს მართლა რომ მოკვდეს, მაგარ რაღაცებს გავაკეთებთო. არავითარ კონსპირაციას არ ვამბობ, უბრალოდ, თუნდაც ტელევიზიიდანაც ისე ჩანს, რომ ვიღაცებში გამოიკვეთა ტენდენცია, რომ შესაძლოა, მართლა ურჩევნიათ მკვდარი, ვიდრე – ცოცხალი“, – აცხადებს ედუარდ სააკაშვილი.
რაც შეეხება პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის პოზიციას, მან შვილის ინტერვიუს შესახებ განმარტება ნიკა გვარამიას დააბარა.
„მიშამ მთხოვა განმარტება გამეკეთებინა, რომ მისი ვაჟი სრულწლოვანი ადამიანია, თავისი აღქმები და პოზიციები აქვს და ამას აფიქსირებს მამასთან შეთანხმების გარეშე. თვითონ არ მიიჩნევს და ვერ ხედავს ადამიანებს, რომლებიც მისი სიკვდილის ფასად რამე სიკეთის მიღწევას უშვებდნენ ან აქ ჩამოიყვანეს იმიტომ, რომ მომკვდარიყო და რაღაც ზიანი მიეყენებინათ ხელისუფლებისთვის. ეს მისი პოზიცია არ არის“, – აღნიშნა ნიკა გვარამიამ.
ავტორი: ეკატერინე ზარნაძე











