ავსტრიული კომპანია საქართველოში ნავთობისა და გაზის მოპოვებას იწყებს.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, ერთ-ერთი უმსხვილესი ნავთობკომპანიის, „ოემვეს“ (OMV) მხრიდან საქართველოში შემოსვლის ინტერესი კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ საქართველოში არსებული ბიზნესგარემო სანდო და გამჭვირვალეა.
მინისტრის თქმით, ავსტრიულმა კომპანიამ შავი ზღვის შელფზე ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის გენერალური ლიცენზიის მოსაპოვებლად ღია საერთაშორისო ტენდერში გაიმარჯვა და ხელშეკრულება ოფიციალურად ახლო მომავალში გაფორმდება.
ტენდერის პირობების თანახმად, კომპანია თავდაპირველად სეისმურ საძიებო სამუშაოებს ჩაატარებს, ბოლო ეტაპზე კი, ბურღვას დაიწყებს.
კომპანიას ნავთობის საბადოს მოძიების წარმატებული გამოცდილება აქვს. მან რუმინეთის ტერიტორიულ წყლებში ნავთობის საბადო აღმოაჩინა, რომლის რესურსების ღირებულება 1,5 მლრდ დოლარია.
თურნავა საქართველოს პირველ არხთან აცხადებს, რომ ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს ჰქონდა გამოცხადებული საერთაშორისო ტენდერი შავი ზღვის შელფზე ნავთობის და გაზის მოპოვებასთან დაკავშირებით, რომელშიც უმსხვილესმა ავსტრიულმა კომპანიამ გაიმარჯვა.
მისივე თქმით, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ფაქტი, რომ დღესდღეობით, მიუხედავად პანდემიისა, მიუხედავად გლობალურად საკმაოდ რთული ვითარებისა, მაღალია ინტერესი საქართველოს ეკონომიკის მიმართ, მათ შორის ნავთობისა და გაზის მომპოვებელი ინდუსტრიის მიმართ.











