სანქციებს არა თუ უნდა ველოდოთ, არამედ პროცესი არის დაწყებული, – ამის შესახებ „ლელოს” ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა.
„შემიძლია, გითხრათ, რომ სანქციებს არა თუ უნდა ველოდოთ, არამედ პროცესი არის დაწყებული. მინდა, ეს აღვნიშნო დიდი კმაყოფილებით, რადგან სანქციებმა ძალიან ეფექტურად იმუშავა ბულგარეთის შემთხვევაში კონკრეტული მოსამართლეების მიმართ. ჩვენმა მეგობრებმა ანალოგიური პროცესი დაიწყეს საქართველოსთან მიმართებით და ჩვენ ამას სრულად მხარს ვუჭერთ, რადგან ეს „კლანის“ წევრ მოსამართლეებს დაანახებთ, რომ ისინი დაუსჯელად ვერ მოახერხებენ ჩვენი მართლმსაჯულებისა და კანონის უზენაესობის ფეხქვეშ გაგებას, ვერ გააგრძელებენ ამას. სანქციების შემოღების პროცესი დაწყებულია იმ მოსამართლეებისა და „კლანის“ იმ წევრების მიმართ, რომლებსაც განსაკუთრებით თავი აქვთ გამოჩენილი ამ წლების განმავლობაში სასამართლოს კონტროლის, პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების თვალსაზრისით. ამიტომ, სასჯელის გარეშე, დაუსჯელად ეს ვეღარ გაგრძელდება. ეს არ არის მუქარა და სუვერენიტეტში ჩარევა, როგორც ზოგიერთი მოსამართლე ცდილობს,რომ წარმოაჩინოს, უბრალოდ, ასეთი ტიპის ღონიძიებებით ჩვენი მეგობრები ეხმარებიან ქართველ ხალხს, რომ მოხდეს დეპოლიტიზაცია და სასამართლოს გათავისუფლების დაწყება“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.
ცნობისთვის, პარტია „ლელოს” წევრები აშშ-ში იმყოფებოდნენ, სადაც, როგორც თავად ამბობენ, კლანის წევრი მოსამართლეებისთვის სანქციების დაწესების საკითხი განიხილეს.
ამასთან, მოსამართლეთა 9-კაციანი სია პარლამენტსა და მესამე სექტორში ამ დრომდე განხილვის თემაა.
აღნიშნულ თემაზე დღეს ბიუროს სხდომაზე ისაუბრებენ.











