აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ოსმალეთის იმპერიის მიერ სომეხთა გენოციდი ოფიციალურად აღიარა. ამის შესახებ ინფორმაციას თეთრი სახლის ოფიციალური გვერდი ავრცელებს.
პრეზიდენტ ბაიდენის თქმით, გენიოციდის აღიარება მიზნად ისახავს არა ვინმეს დადანაშაულებას, არამედ ეს მოხდა იმის გამო, რომ მსგავსი რამ აღარასდროს განმეორდეს.
„ამ დღეს ჩვენ ვიხსენებთ მათ, ვინც ოსმალეთის ეპოქაში სომხების გენოციდის დროს დაიღუპა და ვიღებთ ვალდებულებას, რომ მომავალში თავიდან ავიცილებთ მსგავს სისასტიკის განმეორებას. 1915 წლის 24 აპრილიდან დაიწყო სომეხი ინტელიგენციისა და საზოგადოებრივი ლიდერების დაკავება. ოსმალეთის ხელისუფლების მიერ მილიონნახევარი სომეხი დეპორტირებული და მოკლული იყო. ისინი კი, ვინც გადარჩა, იძულებული გახდნენ, ახალი სახლი და საცხოვრებელი ეპოვა მსოფლიოში, მათ შორის შეერთებულ შტატებში. ათწლეულების განმავლობაში, სომეხმა იმიგრანტებმა მრავალგზის გაამდიდრეს შეერთებული შტატები, თუმცა ჩვენ არ დაგვიწყებია ტრაგიკული ისტორია, რომელიც მათმა წინაპრებმა ჩვენს ნაპირებთან მოიტანეს. პატივს მივაგებთ მათ. ჩვენ ამას დადანაშაულების მიზნით არ ვაკეთებთ, არამედ იმის გამო, რომ ეს აღარასდროს განმეორდეს”, – განაცხადა ბაიდენმა.
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ ბაიდენის ამ გადაწყვეტილებას “პოლიტიკური პოპულიზმი” უწოდა.
”ჩვენ მთლიანად უარვყოფთ ამ განცხადებას, რომელიც მხოლოდ პოპულიზმზეა დაფუძნებული”, – წერს ჩავუშოღლუ Twitter-ზე.











