ამჟამად ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში 147 კოვიდინფიცირებული პაციენტია მოთავსებული, აქედან რვა რეანიმაციულ განყოფილებაშია.
როგორც რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკურმა მენეჯერმა გია კიკაბიძემ განაცხადა, რეანიმაციულ განყოფილებაში ოთხი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის საშუალო სიმძიმის, ოთხის კი – მძიმე.
„გუშინ რესპუბლიკურ საავადმყოფოში მოთავსდა 19 პაციენტი. დღეისთვის გვყავს 147 კოვიდინფიცირებული პაციენტი. აქედან 59 პაციენტს აღენიშნება პნევმონია. ისინი განთავსებული არიან საპალატე სისტემაში და მიმდინარეობს ანტიბიოტიკოთერაპია და ანტივირუსული თერაპია. რვა პაციენტი იმყოფება რეანიმაციულ განყოფილებაში. ამ რვიდან ოთხი პაციენტის მდგომარეობა ფასდება, როგორც მძიმე. ოთხი ძველი პაციენტი, რომელიც ადრე იყო შემოსული, მათი მდგომარეობა ნელ-ნელა უმჯობესდება და საშუალო სიმძიმისაა. არც ერთი პაციენტი არ გვყავს აპარატურ სუნთქვაზე, სიპაპ რეჟიმში მიეწოდებათ ჟანგბადი. მათი მდგომარეობა ჯერჯერობით არ გაუარესებულა.
გამოჯანმრთელდა ორი პაციენტი და 19 გადაყვანილი იქნა საკარანტინო ზონაში. დღის განმავლობაში ალბათ დაახლოებით 20 პაციენტამდე გადაყვანილი იქნება საკარანტინო ზონაში. დღის განმავლობაში გამოჯანმრთელებასაც ველოდებით რამდენიმე პაციენტის“,- განაცხადა რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკურმა მენეჯერმა გიორგი კიკაბიძემ.
ცნობისთვის, დღეს აჭარაში კოროანვირუსის 108 შემთხვევა დაფიქსირდა.











