დღეს ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაცვლილი ექიმი 63 წლის შოთა ბერიძეა. ის მოქმედი ექიმი იყო და ამავე კლინიკაში ტრავმატოლოგად მუშაობდა. შოთა ბერიძე 2011 წლიდან მუშაობდა რესპუბლიკურ საავადმყოფოში, მანამდე წლების განმავლობაში კი ქალაქის პირველ საავადმყოფოში.
როგორც საავადმყოფოს კლინიკური მენეჯერი გია კიკაბიძე აცხადებს, მას თანმხლები ქრონიკული დაავადებები ჰქონდა.
„კიდევ ერთი შესანიშნავი ადამიანი დააკლდა რესპუბლიკური საავადმყოფოს გუნდს, და არამარტო რესპუბლიკურ საავადმყოფოს, არამედ მთლიანად სამედიცინო საზოგადოებას. ეს პიროვნება იყო გამორჩეული თავისი შინაგანი კულტურით, ზრდილობით, პატიოსნებით, ძალიან კარგი კოლეგა, პროფესიონალი, პაციენტზე შეყვარებული კაცი, არასდროს არ მიუტოვებია პაციენტი გაჭირვების ჟამს, ყველანაირად გვერდში გვედგა. სამწუხაროდ დღეს წარსულში ვლაპარაკობ მასზე. ძალიან ძნელი ამის თქმა, მაგრამ სამწუხაროდ ასე მოხდა.
რამდენიმე დღის შემდეგ დაუდგინდა მას კორონავირუსი. სამი-ოთხი დღე იმყოფებოდა კოვიდსასტუმროში. 6 დეკემბერს მოიყვანეს ჩვენთან კლინიკაში. მოყვანის დროს იყო კონტაქტური, ადექვატური, ჩავუტარეთ გეგმიური კომპიუტერული ტომოგრაფია, სადაც აღმოჩნდა ფილტვის 45 პროცენტიანი დაზიანება, ორმხრივი პნევმონია აღენიშნებოდა, მოთავსებული იყო ინტენსიურ პალატაში. მიმდინარეობდა მკურნალობა,აგრამ ფილტვების შეშუპების ფონზე გადაიყვანეს მართვით სუნთქვაზე. ჩატარებული ღონისძიებების მიუხედავად, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა“, – აცხადებს გია კიკაბიძე.
ავტორი: ნაირა ქობულაძე











