ბათუმში ე.წ „ოცნების ქალაქში“ მცხოვრები მოსახლეობის ნაწილმა აქცია გამართა. როგორც ისინი აცხადებენ, დაპირების მიუხედავად, არ შეიქმნა კომისია, რომელიც დაადგენდა კრიტერიუმებს, თუ რომელი ოჯახები მიიღებენ პირველ ეტაპზე ბინებს.
ასევე, როგორც აქციის მონაწილეები ამბობენ, გავრცელდა ჭორი, რომ საცხოვრებელ კორპუსებში შესაძლოა სხვა ადამიანები შეასახლონ.
„ვრცელდება ინფორმაცია, რომ კორპუსებში შესაძლოა არა თვითნებურად დასახლებულები, არამედ სხვა ოჯახებიც უნდა შეასახლონ, შეიქმნას კომისია, რომელიც დაადგენს, ვინ მიიღებს ბინებს. ასევე გაგვიმარტონ, რატომ არ შეგვეხო ელექტროენერგიაზე სუბსიდირების პროგრამა” – ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე მარინა ბერიძე.
აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის რამაზ ჯინჭარაძის განცხადებით, მშენებლობა სწრაფი ტემპით მიმდინარეობს და ბინებს ის ადამიანები მიიღებენ, ვისაც რეგისტრაცია აქვს გავლილი.
„იქ მყოფმა ყველა ოჯახმა იცის, რომ პანდემიის მიუხედავად კორპუსების მშენებლობა სწრაფი ტემპით მიმდინარეობს და ისიც იციან, რომ რეგისტრაცია მხოლოდ მათ აქვთ გავლილი და ბინები მხოლოდ მათთვის შენდება, ჩვენ უკვე გვქონდა შეხვედრები საერთაშორისო ორგანიზაციებთან კრიტერიუმების თაობაზე და სულ მალე დავიწყებთ პრაქტიკულ ქმედებებს.
გასაკვირია, საიდან ვრცელდება ეს ჭორები. რაც შეეხება ელექტროენერგიის სუბსიდირებას, მოგეხსენებათ იქ გამრიცხველიანება არ არსებობს, სწორეს ეს არის მიზეზი, რომ პროგრამა არ შეეხოთ, მაგრამ ჩვენ ნაწილობრივ მაინც დავეხმარეთ და კიდევ ვეძებთ გზებს, რომ ამ მიმართულებით კიდევ დავეხმაროთ ამ ხალხს” -განაცხადა რამაზ ჯინჭარაძემ.
ინფორმაციისთვის, ე.წ „ოცნების ქალაქში” დასახლებულებისთვის კორპუსების მშენებლობა წელს დაიწყო. აჭარის მთავრობის ინფორმაციით საწყის ეტაპზე 582 ოჯახი დაკმაყოფილდება, თუმცა პროექტი გაგრძელდება მანამდე, სანამ რეგისტრირებული 1600-ზე მეტი ოჯახიდან ყველა არ დაკმაყოფილდება.
ავტორი: ნაირა ქობულაძე









