აჭარის მთავრობის სახლთან ე.წ. თავისუფლების კვარტალში სხვადასხვა ოპიზიციური პარტიის მხარდამჭერი ახალგაზრდების ინიციატივით ახალი ახალგაზრდული სახალხო მოძრაობა „საქართველოს ბურჯი” დაფუძნდა.
როგორც „საქართველოს ბურჯის” წარმომადგენლები აცხადებენ, ახალი სახალხო მოძრაობა ორიენტირებული იქნება იმ კონკრეტულ პრობლემებზე, რაც ახალგაზრდებს და ზოგადად მოქალაქეებს აწუხებთ.
მათივე ინფორმაციით, სახალხო მოძრაობის მთავარი ფუნქცია ქართველი ხალხის ერთიანობა და ერთ მუშტად შეკვრა არის, ხოლო მიზანი – ხელისუფლების შეცვლა.
„2012 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ დღემდე საქართველოს ხელისუფლებამ ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით ჩამოანგრია ყველა ის საყრდენი, რაზეც დგას დემოკრატიული და სუვერენული ქვეყნის სახელმწიფოებრიობა.
ჩამონგრეულია ეკონომიკა, გაღატაკებულია ქართველი ხალხი, მოშლილია თავდაცვის, უშიშროების სისტემა, პოლიცია, ჯარი, ნებისმიერი სხვა სისტემა, რომელსაც ეყრდნობა დამოუკიდებელი დემოკრატიული და სუვერენული სახელმწიფო. გაგვიყალბეს ისტორია, შეურაცხყვეს ჩვენი წარსული, აწმყო და ფაქტობრივად, გაგვიუქმეს სასურველი მომავალი.
სწორედ ამ ფონზე ერთადერთი საყრდენი, ერთადერთი რეალური ბურჯი, რომელიც ივანიშვილმა ჯერჯერობით ბოლომდე ვერ მოშალა და ვერ მოანგრია, არის ქართველი ხალხი, თითოეული ჩვენგანი, რომელზეც დგას ჩვენი წილი საქართველო.
ამიტომ ჩვენ გადავწყვიტეთ გავაკეთოთ ერთიანი საერთო-სახალხო მოძრაობა „საქართველოს ბურჯი”, რომლის მთავარი იდეა და ფუნქცია იქნება იკისროს მთავარი საყდენისა და მთავარი ბურჯის ფუნქცია ამ ქვეყანაში.
ქართველი ხალხის ერთიანობა, გაერთიანება და ერთ მუშტად შეკვრა არის ჩვენი მთავარი იდეა.
ჩვენ გვაქვს მიზანი და ეს მიზანი არის საქართველოს მოქმედი უზურპატორი ხელისუფლების საბოლოოდ შეცვლა და გაპანღურება საქართველოს ხელისუფლებიდან, რათა საქართველო დავაყენოთ სწორ რელსებზე.
ჩვენ დავფუძნდით „თავისუფლების კვარტალში”, იმიტომ, რომ უკანასკნელი 80 დღის მანძილზე „თავისუფლების კვარტალი” არის ერთადერთი სივრცე მთელ საქართველოში, რომელიც ფუნქციონირებს, მუშაობს, ცოცხლობს. ეს არის სიცოცხლით სავსე კვარტალი.
პირობას გაძლევთ, ეს იქნება მოძრაობა, რომელიც გამარჯვებას მოიტანს, მოიტანს ნათელს, სიკეთეს საქართველოსთვის”- აცხადებენ „საქართველოს ბურჯის” წარმომადგენლები.
შეგახსენებ, ხელახალი არჩევნების მოთხოვნით აჭარის მთავრობის სახლთან გაერთიანებული ოპოზიცია უკვე 80 დღეა აქციებს 24 საათიან რეჟიმში მართავს.
ავტორი: ნაირა ქობულაძე











