სოციალურ ქსელ twitter-ზე შარლ მიშელის სპიკერმა ბარენდ ლეიტსმა დაწერა, რომ ევროსაბჭომ მიიღო დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც ბელარუსულ ავიაკომპანიებს ევროკავშირის საჰაერო სივრცეში ფრენა ეკრძალებათ. ასევე, დოკუმენტში ეკონომიკური და სხვა სანქციების გატარებაზეც არის საუბარი.
“ევროსაბჭო მკაცრად გმობს 2021 წლის 23 მაისს ბელარუსის მიერ საავიაციო უსაფრთხოების დარღვევით Ryanair-ის რეისის ძალის გამოყენებით მინსკში დასმას და ბელარუსელი ძალოვნების მიერ ჟურნალისტ რამან პრატასევიჩის და სოფია საპეგას დაკავებას.
ევროსაბჭო:
– მოითხოვს რამან პრატასევიჩის და სოფია საპეგას დაუყოვნებლივ გათავისუფლებას და მათი გადაადგილების თავისუფლების უზრუნველყოფას;
– მოუწოდებს სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციას, რომ სასწრაფოდ გამოიძიოს ეს უპრეცედენტო და მიუღებელი ინციდენტი;
– იწვევს საბჭოს, რომ შეიმუშაონ პიროვნებების და ორგანიზაციების დამატებითი სიები შემდგომი სანქცირების მიზნით;
– მოუწოდებს საბჭოს შეიმუშავოს დამატებითი მიზნობრივი ეკონომიკური სანქციები და იწვევს უმაღლეს წარმომადგენელს და კომისიას, რომ დაუყოვნებლივ წარადგინონ წინადადებები ამ მიმართულებით;
– მოუწოდებს ევროპელ გადამზიდებს თავი აარიდონ ბელარუსის საჰაერო სივრცეში ფრენას;
– მოუწოდებს საბჭოს მიიღოს საჭირო ზომები ევროპის საჰაერო სივრცეში ბელარუსული ავიაკომპანიების ფრენების ასაკრძალად და ევროპულ აეროპორტებში ამ კომპანიების რეისების წვდომის შესაზღუდად;
– მხარში უდგას ლატვიას ლატვიელი დიპლომატების გაუმართლებელი გამოძევების გამო,”-ნათქვამია დოკუმენტში.









