ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში დონალდ ტრამპის ყოფილი მრჩეველი, ჯონ ბოლტონი თავის გამოუქვეყნებელ წიგნში („ოთახი, სადაც ეს მოხდა – თეთრი სახლის მემუარები“) წერს, რომ ტრამპმა მას რუსეთ-საქართველოს ომის ათი წლისთავზე კრიტიკული განცხადების გაკეთების უფლება არ მისცა. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
ბოლტონი ასევე წერს, რომ დონალდ ტრამპი პირად საუბრებში რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გამო ჩიოდა, თუმცა საჯაროდ მათ მხარს უჭერდა.
წიგნში ნათქვამია, რომ როდესაც აშშ-მა სოლსბერიში სერგეი სკრიპალისა და მისი ქალიშვილის მოწამვლის საქმის გამო რუსეთის წინააღმდეგ სანქციები დააწესა, ტრამპს ამ შეზღუდვების გაუქმება სურდა, რადგან მიაჩნდა, რომ ასეთი მოპყრობა ვლადიმირ პუტინის მიმართა ზედმეტად ხისტია.
„ტრამპმა დაავალა პომპეოს, დაერეკა ლავროვისთვის და ეთქვა, რომ რომელიღაც ბიუროკრატმა გამოაქვეყნა სანქციები – ზარი ან განხორციელდა ან არა“,- წერს ჯონ ბოლტონი.
ცნობისთვის, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ყოფილი მრჩევლის მემუარების ნაწყვეტები Wall Street Journal-ში, New York Times-სა და Washington Post-ში გამოქვეყნდა.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა ბოლტონის წიგნის გამოქვეყნებამდე მის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა.
წიგნი 23 ივნისს უნდა გამოვიდეს.
ჯონ ბოლტონის წიგნში „ოთახი, სადაც ეს მოხდა – თეთრი სახლის მემუარები“ აღწერილია მისი დონალდ ტრამპთან მუშაობის პერიოდი.
გამომცემლობა Simon & Schuster-ის ინფორმაციით, წიგნი შეიცავს ინფორმაციას ტრამპის „არათანმიმდევრული გადაწყვეტილების მიღების პროცესის შესახებ“ და ეს არის წიგნი, „რომლის წაკითხვაც ტრამპს არ სურს“.
დონალდ ტრამპმა ეროვნული უსაფრთხოების ყოფილი მრჩეველი, ჯონ ბოლტონი 2019 წლის სექტემბერში გარკვეულ საგარეო საკითხებთან დაკავშირებით უთანხმოების გამო გაათავისუფლა.











