ჩინეთში კორონავირუსის ახალი შტამი გამოვლინდა. ინფორმაციას ამის შესახებ ჩინეთის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, კორონავირუსის ახალი შტამით ინფიცირება 23 წლის ქალს დაუდასტურდა, რომელიც 14 დეკემბერს შანხაიში დიდი ბრიტანეთიდან დაბრუნდა.
ჩინეთის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრში აცხადებენ, რომ ახალი შტამის გავრცელება ქვეყანაში COVID-19-ის პრევენციასა და კონტროლს სერიოზულ საფრთხეს უქმნის.
14 დეკემბერს მეცნიერებმა კორონავირუსის ახალი სახეობა აღმოაჩინეს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში განაცხადეს, რომ ჯერ არ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ დიდ ბრიტანეთში აღმოჩენილი კორონავირუსის ახალი სახეობა სერიოზულ გავლენას ახდენს ვირუსის სტრუქტურაზე. დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის მდივანმა, მეთ ჰენკოკმა განაცხადა, რომ ვირუსის ახალი სახეობა შედარებით სწრაფად ვრცელდება, თუმცა უფრო საშიში არ არის.











