„ახლა ჩვენ ოპოზიციის შიგნით ჩასატარებელი გვაქვს სამუშაო, რადგან მეხუთე რაუნდისთვის მომზადება ძალიან მნიშვნელოვანია. მეხუთე რაუნდი არ უნდა გამოვიდეს ისეთი, როგორც წინა რაუნდები“,- ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, მომზადება წარმატებისთვის აუციელებელია.
„თუ ჩვენ მოვემზადებით ამ მეხუთე რაუნდისთვის, გვექნება წარმატების შანსი. აქედან გამომდინარე, „ქართულ ოცნებამდე“ საშინაო დავალება გვაქვს გასაკეთებელი. ჩვენს მოთხოვნებზე „ქართული ოცნების“ დათანხმება არ გვყოფნის, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, პარლამენტი ისეთი ფორმატით შედგეს, რომელიც მათი განხორციელების საშუალებას მოგვცემს. აქედან გამომდინარე, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, მთლიანად პროცესი დასრულდეს შეთანხმებით და რაღაცნაირად გადავლახოთ ის ეტაპი, როდესაც ერთმანეთს არ ვეთანხმებით. ჩვენ მუდმივად ვართ ამ რეჟიმში. ალბათ მომავალი კვირიდან თითქმის სრულ სპექტრს შევხვდებით“, – განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.










