“ჩვენ სამი დეპუტატი გვყავს პარლამენტში და კანონს თუ გვარგებდნენ, წესიერად მოერგოთ, მეოთხე დეპუტატი სად ვიპოვოთ ფრაქციის შესაქმნელად”, – ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ პარლამენტის რეგლამენტში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით, ჟურნალისტებთან განაცხადა, რომლის მიხედვით, ფრაქციის შექმნის წესი იცვლება.
“ესე იგი, ჩვენთვის არ მოურგიათ და ცოტა ნაწყენი ვარ. თუ პატივისცემა იყო, ბარემ სამი ჩაეწერათ.
ვეძებთ შესაბამის კანდიდატებს, რომ გითხრათ, დიდი ვნება გვაქვს ფრაქციის შექმნის ამ წუთას, ასეც არაა, მაგრამ თუ მოგვცემდნენ საშუალებას, რატომაც არა. სამი რომ ყოფილიყო სიამოვნებით შევქმნიდით, მეოთხე სად ვიპოვოთ,”- განაცხადა ხვიჩიამ.
შეგახსენებთ, პარლამენტი დაჩქარებული წესით იწყებს საკანონმდებლო ცვლილებების განხილვას, რომლის საფუძველზეც პარლამენტში შესული ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის რეგლამენტში სპეციალური ცვლილებები შედის.
კერძოდ, 2024 წლის არჩევნებში არჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობამდე, ერთი პოლიტიკური პარტიის წარდგენით არჩეულმა პარლამენტის არანაკლებ 4-მა წევრმა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი შექმნას და ასეთი ჯგუფის ფორმატში მთელი რიგი ის უფლებები განახორციელოს, რაც ფრაქციას გააჩნია.









