„ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენაზე სიტყვით გამოვიდა. კალაძემ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ისაუბრა და 2012 წელს დამარცხებული „ძალადობრივი რეჟიმი“ გაიხსენა.
„ჩვენი დღევანდელი შეხვედრის მიზეზი და მიზანი მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენაა. ჩვენ ვართ პასუხისმგებლიანი ძალა, რომელსაც ჩვენი ქვეყნისა და ხალხის წინაშე არსებულ პრობლემებთან გამკლავება შეუძლია.
ჩვენ ვიცით რას ნიშნავს თითოეული ქართველისთვის განვითარებული, წარმატებული, თავისუფალი და ერთიანი საქართველო. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ და გავაკეთებთ ამ მიზნის მისაღწევად.
მე მინდა ცოტა უკან დავბრუნდე, ჩვენს ოპონენტებს არ სიამოვნებთ ამაზე საუბარი, თუმცა აუცილებლად მომიწევს შევეხო 2012 წელს, როცა ქართველმა ხალხმა ბიძინა ივანიშვილის თაოსნობით მოახერხა ძალადობრივი რეჟიმის დამარცხება და თავისუფლების დაბრუნება. მაშინ პრაქტიკულად დავიბრუნეთ საკუთარი სამშობლო.
ამ წლების მანძილზე ბევრ წარმატებას მივაღწიეთ, რა თქმა უნდა ქვეყანას კვლავ ბევრი გამოწვევა აქვს,“- აღნიშნა კახა კალაძემ.
დღეს „ქართული ოცნება“ მაჟორიტარობის კანდიდატებს წარადგენს.











