კახეთის სამხარეო დეპარტამენტის თანამშრომლებმა ხუთი წლის ბავშვის მიმართ სექსუალურ ძალადობაში მხილებული მამაკაცი რამდენიმესაათიანი ძებნის შემდეგ დააკავეს.
სამართალდამცველებმა ლაგოდეხის ერთ-ერთ სოფელში მცხოვრები 58 წლის მამაკაცის ძებნა მას შემდეგ დაიწყეს, რაც მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დადგა.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ხუთი წლის ბავშვის გაუპატიურების მცდელობაში დადანაშაულებულ მამაკაცს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
გადაწყვეტილების დროს ბრალდებული სახლში იმყოფებოდა, თუმცა დასაკავებლად მისულ სამართალდამცველებს ის უკვე გაქცეული დახვდათ.
შეგახსენებთ, რომ საქმე ეხება გასული წლის ზაფხულში მომხდარ შემთხვევას.
5 წლის გოგონას ოჯახის მტკიცებით, ბავშვის ბაბუის ძმამ, 60 წლამდე კაცმა, ბავშვი მოტყუებით საცხოვრებელი სახლის მეორე სართულზე აიყვანა, სადაც გაუპატიურება სცადა.
გურჯაანის რაიონული სასამართლოს მოსამართლე, დავით ნარიმანიშვილმა მიმდინარე წლის მაისში, 58 წლის კაცის მიმართ გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა, რაზეც 5 წლის გოგოს ოჯახმა პროტესტი არაერთხელ გამოხატა და სააპელაციო სასამართლოს მიმართა. მამაკაცს 13-წლიანი პატიმრობა გუშინ სწორედ სააპელაციო სასამართლომ შეუფარდა.











