„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, თინა ბოკუჩავას თქმით, „მოქალაქეების“ ლიდერის ალეკო ელისაშვილის განცხადება, რომლის თანახმადაც, ოპოზიციამ სიტყვა გატეხა პოლიტპატიმრებთან დაკავშირებით და ამიტომ შეწყდა გიორგი რურუას გამოშვების პროცესი, დაუსაბუთებელი ბრალდებაა.
“უკაცრავად, რა დაარღვია ოპოზიციამ?! მე ამ ხნის განმავლობაში მიუხედავად იმისა, რომ მწვავე განცხადებებს ვისმენდით ბატონი ალეკო ელისაშვილის მიმართ, მე ნამდვილად თავს ვიკავებდი ამგვარი შეფასებებისგან იმიტომ, რომ ვთვლი, რომ ოპოზიციისთვის ახლა ერთიანობა მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია და ახლა შიდა ოპოზიციური თავდასხმების დრო არ არის იმიტომ, რომ ოპოზიციის უმთავრესი იარაღი მოლაპარაკებების მაგიდასთან და ზოგადად იმ ბრძოლაში, რომელსაც აწარმოებს ოპოზიცია ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ, სწორედაც, რომ არის ერთობა.
ამ კონკრეტულ შემთხვევასთან დაკავშირებით უნდა ვთქვა სამწუხაროდ, რომ მგონია ეს განცხადება ყოველგვარ საფუძველს არის მოკლებული იმიტომ, რომ 8 მარტის შეთანხმების ფარგლებში პასუხისმგებლობა ეკისრებოდა ბიძინა ივანიშვილს, ეკისრებოდა ხელისუფლებას იმიტომ, რომ მხოლოდ მას გააჩნია იმის ბერკეტი, რომ გაათავისუფლოს პოლიტიკური პატიმრები, მათ შორის გიორგი რურუა, რომელიც დიახ 8 მარტის შეთანხმების დარღვევით დღემდე რჩება პატიმრობაში. მინდა ცალსახად გითხრათ, რომ 8 მარტის შეთანხმების დამრღვევი არის ბიძინა ივანიშვილი და ხელისუფლება. “ქართული ოცნების” ლიდერები საერთოდ უარყოფდნენ იმ ფაქტს, რომ 8 მარტის შეთანხმებაში პოლიტპატიმრებზე იყო ლაპარაკი და ამ თვალსაზრისით, თუ ვინმეს აქვს თვალები ჩასახრელი და დასამუნათებელი თუ ვინმე არის – ეს არის ხელისუფლება. ისინი ურცხვად აპელირებდნენ იმაზე, რომ ამ შეთანხმების ფარგლებში პოლიტპატიმრებზე არც ფორმალურ და არც არაფორმალურ ნაწილში საუბარი არ ყოფილა და მოუწიათ შემდეგ თქმა, რომ დიახ, იყო საუბარი პოლიტიკურად მოტივირებულ საკითხებზე საუბარი და ყველამ კარგად იცის პოლიტიკურად მოტივირებული საქმეები ვის ეხება, ამიტომ ამ კრიტიკას შემიძლია მხოლოდ ერთი შეფასება გავუკეთო, რომ ეს არის დაუსაბუთებელი ბრალდება და ალბათ, დამატებები და განმარტებები უნდა გააკეთოს ალეკო ელისაშვილმა”, – განაცხადა ბოკუჩავამ.










