„ნაციონალური მოძრაობა“ დაფიცებიდან დაგინებამდე იძახდა, ჩვენ პარლამენტში არ შევალთ თუ ვადამდელი არჩევნები არ ჩაინიშნაო და ახლა იწყებენ იმის გამართლებას, რომ როგორმე მოახერხონ და პარლამენტში შევიდნენ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გურამ მაჭარაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში განაცხადა.
„არამხოლოდ ჩვენი, არამედ საერთაშორისო პარტნიორების ინტერესის სფერო ნამდვილად არ არის „ნაცმოძრაობა“ იმიტომ, რომ თვითონ ჩაიგდეს ასეთ მდგომარეობაში თავი. სამწუხაროდ, ამ პოლიტიკურმა ძალამ ნაცვლად იმისა, რომ არჩევნების შემდგომ პარლამენტში შესულიყო და საქმიანობა გაეგრძელებინა, გამოაცხადა საბოტაჟი და არა ბოიკოტი, რომელიც განსხვავებულია. ბულინგის ქვეშ ჰყავდა ყველა პოლიტიკური ძალა და ეს გამოჩნდა იმის შემდგომ, რომ, როდესაც მათ დააღწიეს თავი „ნაცმოძრაობას“ ჩვენ შევძელით და მათთან შევჯერდით საარჩევნო კოდექსზე. ახლა იძულებულია ეს პოლიტიკური ძალა, რომ პარლამენტში შემოვიდეს და იწყებს ამის გამართლებას – დაფიცებიდან დაგინებამდე იძახდნენ, რომ ჩვენ პარლამენტში არ შევალთ თუ ვადამდელი არჩევნები არ ჩაინიშნაო და ახლა იწყებენ იმის გამართლებას, რომ როგორმე მოახერხონ და შევიდნენ საქართველოს პარლამენტში“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.









