ახლა უნდა დავწყნარდეთ, კომისიამ იმუშაოს. დარწმუნებული ვარ, აზერბაიჯანთან მივაღწევთ შეთანხმებას, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა დავით გარეჯის საკითხის შესახებ საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, არასახელმწიფოებრივია ოპოზიციის განცხადებები დავით გარეჯის საკითხის სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მიმდინარე დაპირისპირებასთან კავშირის შესახებ.
„წელს პანდემიის გამო განახლებულმა კომისიამ დაგეგმილი შეხვედრები ვერ გამართა, მაგრამ ამის მიუხედავად, ერთი დღით არ შეგვიწყვეტია მუშაობა. კომისიის სრული შემადგენლობა ყოველდღიურად მუშაობდა, რომ მოგვეპოვებინა ახალი მასალები. როდესაც ახალი კომისია შეიკრიბა, გავაანალიზეთ, თუ რა მასალებზე დაყრდნობით მიმდინარეობდა მოლაპარაკებები, აღმოჩნდა, რომ საქართველოს პოზიციები გარკვეულწილად შესუსტებული იყო, რადგანაც ჩვენ არ გვქონდა მაქსიმალურად ეფექტიანად გამოყენებული ყველა შესაძლო კარტოგრაფიული მასალა იქნებოდა თუ საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტების დასკვნა.
ახლა უნდა დავწყნარდეთ, კომისიამ იმუშაოს და კომისიის ფარგლებში მოხდეს იმ მასალების განხილვა, რითაც ამყარებდა ჩვენ პოზიციებს. დარწმუნებული ვარ, ორმხრივად აზერბაიჯანთან მივაღწევთ შეთანხმებას, რომელიც იქნება მისაღები მათთვისაც და ჩვენი სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარეც“, – განაცხადა ზალკალიანმა.











