ექსპერტი პოლიტიკურ საკითხებში გია აბაშიძე პოლიტიკური დიალოგის ფასილიტატორების განცხადებას აფასებს და ამბობს, რომ 8 მარტის შეთანხმების ხელმომწერმა პოლიტიკურმა პარტიებმა კენჭისყრაში მონაწილეობა უნდა მიიღონ.
გია აბაშიძე ასევე აღნიშნავს, რომ გიორგი რურუა პოლიტპატიმარი არ არის.
ექსპერტის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.
„ელჩების დღევანდელმა ერთობლივმა განცხადებამ მკაფიოდ დაგვანახა, რომ 8 მარტის შეთანხმების ხელმომწერმა პოლიტიკურმა პარტიებმა უნდა მიიღონ კენჭისყრაში მონაწილეობა და უპირობოდ მისცენ ხმა ისტორიული მნიშვნელობის საარჩევნო რეფორმას.
ე. წ. პოლიტპატიმარი გიორგი (ჟორიკა) რურუა არ არსებობს, რაც არ უნდა წერონ ცალკეულმა კონგრესმენებმა და ევროპარლამენტარებმა. ხაზგასმით ვწერ – ცალკეულმა და არა ყველამ.
დასავლელი დიპლომატების ერთობლივმა ამ განცხადებამ სპეკულაციებში ამხილა დესტრუქციული ნაცოპოზიცია და მისი განშტოებები. იმ ფონზე, როცა “ქართული ოცნება” ასრულებს მიღწეული შეთანხმების ყველა პირობას.
ბურთი ახლა ნაცოპოზიციის მოედანზეა და მათ მოუწევთ პასუხისმგებლობის აღება როგორც ამომრჩეველთა, ასევე სტრატეგიული პარტნიორების წინაშე, თუ დემონსტრაციულად დაარღვევენ შეთანხმებას და სათუოს გახდიან მის რეალიზაციას.
ისტორიული კენჭისყრა იქნება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ტესტი იმაზე, თუ ვის სურს საქართველოს მშვიდობიანი და დემოკრატიული განვითარება და ვის პოლარიზაცია და დესტრუქცია.“ – ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში პოლიტიკური დიალოგის მონაწილე ელჩებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს და 8 მარტის შეთანხმების ყველა ხელმომწერს, საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრაში მონაწილეობის მიღებისკენ მოუწოდეს.










