„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის გიორგი ვაშაძე „სამართლიანი არჩევნების“ მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებს ეხმაურება.
როგროც გიორგი ვაშაძე ამბობს, ყველა კითხვაზე პასუხის გაცემა ორგანიზაციის მხრიდან აუცილებელია.
„ISFED უნდა გამოვიდეს და დეტალურად ახსნას, რასთან გვაქვს საქმე, როდის შეიტყვეს ამის შესახებ, რამდენი ხანია იციან, რომ თუ ეს შეცდომა მოხდა, ეს შეცდომა არის და რატომ დასჭირდა ამას 40 დღე არჩევნების შემდეგ. მიუხედავად ამისა, ნამდვილად არ ვაპირებ თვითონ ISFED-ზე თავდასხმას, მაგრამ იმისათვის, რომ ყველა კითხვას პასუხი გაეცეს აუცილებელია სრულფასოვანი განმარტება გააკეთონ ამ საკითხთან დაკავშირებით. ჩვენთვის ეს საკითხი, გარკვეულწილად ცნობილი იყო ელჩებთან შეხვედრის დროს, უფრო სწორედ, ეს არ იყო ცნობილი, ამას ასაბუთებდა „ქართული ოცნება“ და პრინციპში, ჩვენ ეს არგუმენტი არცკი მივიღეთ. ანუ, ისინი, ციფრებიდან და მათემატიკიდან გამომდინარე ამბობდნენ, რომ არალოგიკური ციფრები არისო. კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ ვერ შევალ იმ დეტალებში, რა საუბრები გვქონდა იქ, მაგრამ ახლა მთავარია გამოვიდეს ISFED, დეტალურად აღწეროს, რა ხდება. მეორე მხრივ, იგივე ISFED-ის დასკვნაში კონკრეტულად არის მითითებული, რომ საქართველოში ასეთი დაბალი დონის არჩევნები ბოლო წლების განმავლობაში არ ჩატარებულა“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
კითხვაზე, მოიხდის თუ არა არჩილ თალაკვაძის განცხადების შემდეგ ბოდიშს, გიორგი ვაშაძე პასუხობს: „დაუკრეფავში ნუ გადავა!“
„არავინ არაფერზე ბოდიშის მოხდას არ აპირებს. მეორეც, ჩვენი მტკიცებულებები მხოლოდ ISFED-ს არ ეყრდობოდა, ეყრდნობოდა სხვა არასამთავრობო ორგანზიაციებს, ძალიან ბევრ საჩივარს, რომელიც შეტანილი გვქონდა სასამართლოში და საოლქოებში და რომელთა განხილვაზეც უარი თქვა როგორც საარჩევნო ადმინისტრაციებმა, ასევე სასამართლომ. ასევე ეყრდნობოდა იმ დისბალანსებს, რომელიც ოქმებშია. მზად ვარ მივიდე მე-5 რაუნდზე და მყარი პოზიციით გავაგრძელო მოლაპარაკებები. ცალკე ISFED-ის ანგარიში ვერ იქნება პარლამენტში შესვლა-არშესვლის საკითხი. ამის ილუზია ნურავის ექნება. ძალიან სამწუხარო ფაქტია ISFED-სგან, რომელსაც ჰქონდა ძალიან მაღალი ნდობა, ყოველ შემთხვევაში, აქამდე ჩატარებული ყველა არჩევნების დროს. ამიტომ მხოლოდ განცხადება საკმარისი არ არის და დეტალურად უნდა განმარტონ რასთან გვაქვს საქმე“, – განაცხადა ვაშაძემ.
ISFED-ის ცნობით, ხმების პარალელური დათვლის პირველადი შიდა აუდიტის შედეგებმა PVT მეთოდოლოგიის სიზუსტე და დამკვირვებლების მიერ მოწოდებული ინფორმაციის სანდოობა დაადასტურა. თუმცა გამოვლინდა ხარვეზი საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების გამოსათვლელ ფორმულაში.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ მმართველი პარტიის წარმომადგენლები ISFED-ს შეხვდნენ. ქართულ ოცნებაში აცხადებდნენ, რომ შეხვედრა ISFED-ის მიერ ჩატარებული პარალელური ხმის დათვლის შედეგებს ეხებოდა და მათ ორგანიზაციას მეთოდოლოგიის შესახებ მონაცემების წარმოდგენა მოსთხოვეს.











