„გასაგებია, რომ იმის გამო, რომ რესტორნები დანარჩენ საქართველოში ვერ იხსნება, მათ აქვთ უკმაყოფილება, მაგრამ დაუმორჩილებლობა, კანონის დარღვევა, კანონისა და ეპიდემიოლოგიური წესების დაცვის მიმართ დაუმორჩილებლობა, არის მიუღებელი“,- ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.
ნათია თურნავა რესტორნებს მოუწოდებს არაკანონიერი ქმედებით დიალოგი არ გაართულონ.
„ამას, რა თქმა უნდა, მოჰყვება მკაცრი რეაქცია, მაგრამ ვინაიდან ჩვენ პრაქტიკულად, ყოველდღიურ რეჟიმში პრემიერ-მინისტრთან და ეკონომიკურ გუნდთან ერთად ვიხილავთ თუ როდის შეიძლება იგივე აჭარის მოდელი, სადაც ჯერ ღია სივრცეები გავხსენით, გადმოვიტანოთ დანარჩენ საქართველოზე და ვაკვირდებით ეპიდემიოლოგიურ ვითარებას და ვეძებთ გამოსავალს, აქედან გამომდინარე, ჩემი თხოვნა იქნება და იმედს გამოვხატავ, რომ რესტორნები ასეთი არასწორი, არაკანონიერი ქმედებით არ გაართულებენ დიალოგს ჩვენ შორის. ასეთი ქმედება, რომელიც არის დაკავშირებული კანონის დარღვევასთან, დაუმორჩილებლობასთან, ძალიან გაართულებს ამ დიალოგს და იმედს გამოვთქვამ, რომ ეს ასე არ მოხდება,“- განაცხადა თურნავამ.
ცნობისთვის, 6 თებერვალს რესტორნები გახსნას და დაუმორჩილებლობის გამოცხადებას აპირებენ.











