ჩვენ დღეს დავიწყეთ პროცესი, რომელსაც პირობითად შეიძლება ვუწოდოთ „უკეთესი ნამახვანისთვის“. შევთანხმდით ინვესტორ კომპანიასთან, რომ კაშხალი არ აშენდება, ვიდრე ძირითადი კვლევების გადამოწმება არ მოხდება, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.
„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხელმძღვანელობასთან ერთად, მიგვაჩნია, რომ კვლევები საკმაოდ სოლიდურია, მრავალი წელი მიმდინარეობდა და შესრულებულია კვალიფიციური ექსპერტების მიერ, სრულყოფა ყოველთვის შეიძლება. თუნდაც იმისთვის, რომ მოიხსნას ბევრი კითხვა უსაფრთხოებასთან დაკავშირებით და შეიქმნას მეტი ნდობა პროექტის ირგვლივ, ჩვენ ჩავრთეთ ფართო საზოგადოება – ექსპერტები, სამეცნიერო წრეები, სამოქალაქო სექტორი, ვისაც გააჩნია კომპეტენცია და სურვილი, რომ ჩაერთოს როგორც კვლევების გადამოწმებაში, ასევე შემდგომ უშუალოდ მშენებლობის ზედამხედველობის პროცესში, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია,” – განაცხადა თურნავამ.











