დე ფაქტო აფხაზეთში, სოხუმის სკოლების 10 მასწავლებელი ახალი კორონავირუსით დაინფიცირდა. ამის შესახებ აფხაზურ ტელევიზიას განათლების განყოფილების ხელმძღვანელმა ასტანდა ტარკილმა განუცხადა.
მისივე ცნობით, 20 პედაგოგი თვითიზოლაციაში იმყოფება. ასევე, თვითიზოლაციასია სოხუმის საჯარო სკოლების 60-მდე მოსწავლეც.
„თუ კლასში ერთი ბავშვი დაავადდება, მთელი კლასი იქნება თვითიზოლაციაში ორი კვირის განმავლობაში”, – აღნიშნა მან.
ასტანდა ტარკილის თქმით, ყველა სკოლა სანიტარული წესით მუშავდება. შემცირდა გაკვეთილის დროც, პირველკლასელებისთვის 30 წუთამდე, მეორე-მეთერთმეტე კლასელებისთვის 35 წუთამდე. შესვენების ხანგრძლივობა 10 წუთია, დიდი შესვენების 20.
ამავე ტელევიზიასთან, დე ფაქტო ჯანდაცვის მინისტრმა თამაზ ცახნაკიამ განაცხადა, რომ სამი მოქალაქე ხელმეორედ დაინფიცირდა კორონავირუსით.
„ტესტის შედეგების დაგვიანება დაკავშირებულია კვლევების დიდ რაოდენობასთან – დღეში 200-ზე მეტი ტესტი ტარდება. ლაბორატორია მუშაობს სამ ცვლაში. დგას საკითხი ლაბორატორიის გაძლიერების“ – აღნიშნა ე.წ. მინისტრმა.
აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 610-მდე გაიზარდა. მათგან 165 გამოჯანმრთელდა, 6 კი გარდაიცვალა.
ავტორი: თეა შონია











