„მე მიმაჩნია, რომ ახალი ტარიფი არის ის მინიმალური რაოდენობა, რითაც ენერგოკომპანიებმა უნდა შეძლონ ოპერირება დღევანდელ რეჟიმში მაინც. ეს არ არის ტარიფი მათი პროგრესის, სერიოზული განვითარებისა და ინვესტიციების მოზიდვისთვის“, – ამის შესახებ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტის პროფესორმა გია არაბიძემ ელექტროენერგიის ტარიფების ზრდის მიზეზებზე საუბრისას განაცხადა.
ენერგეტიკოსის თქმით, ტარიფის გაზრდის გარდაუვალობა არაერთმა მყარმა არგუმენტმა განაპირობა.
„საქართველოში იაფი ელექტროენერგიის რაოდენობა საერთო კალათაში მნიშვნელოვნად მცირდება წლების განმავლობაში. ამას ემატება მომავალ წელს ენგურჰესის გაჩერება. ამ დანაკლისის ანაზღაურება საქართველოს დაახლოებით 90 მლნ ლარი დაუჯდება იმპორტის სახით…
არსებობს მონაცემები, რომ „ენერგო–პრო ჯორჯიას“ დაახლოებით 250 მლნ ლარამდე, ხოლო „თელასს“ 150 მლნ ლარამდე შეუსრულებელი ვალდებულებები აქვთ. ეს ნიშნავს, რომ კომპანიებმა ვერ შეასრულეს ვალდებულებები, ვერ განახორციელეს ინვესტიციები და ასე შემდეგ. „ენერგო–პრო ჯორჯიამ“ განაცხადა, რომ ხელფასების გაცემაც კი უჭირს. ეს ვალდებულებები, რაც კომპანიებმა ვერ შეასრულეს, მომავალი წლების ტარიფებში აუცილებლად უნდა აისახოს, რათა ვალდებულებები შესრულდეს“, – აცხადებს ენერგეტიკოსი.










