კორონავირუსის საკითხებში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სპეციალურმა წარმომადგენლმა, დევიდ ნაბარომ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას, აშშ-ს WHO-დან გასვლის შესახებ, „ძალიან სამწუხარო“ უწოდა. ინფორმაციას BBC- ი ავრცელებს.
„მსოფლიოს დიდი კრიზისი ემუქრება. ბოლო 6 თვის განმავლობაში მსოფლიოში უკიდურესად მძიმე მდგომარეობა იყო. მეშინია, რომ მომდევნო თვეების განმავლობაში ეს ყველაფერი უფრო გაუარესდება.
ვირუსის შესახებ კიდევ ბევრი რამ გვაქვს სასწავლი. ის კარგად უნდა გამოვიკვლიოთ და მასთან გამკლავება ვისწავლოთ. და ძალიან სამწუხაროა, რომ აი, ასეთ დროს უმნიშვნელოვანესმა ქვეყანამ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დატოვება გადაწყვიტა“,- განაცხადა ნაბარომ.
ნაბაროს თქმით, ის დარწმუნებულია, რომ ამერიკელი ხალხის უმრავლესობას „უნდა, რომ ამერიკა გლობალური ჯანდაცვის გაძლიერებაში იყოს ჩართული და გულდაწყვეტილია რომ ეს ყველაფერი ასე ხდება“.
„მსოფლიოს ყველა ლიდერმა, ერმა ერთად უნდა იმუშაოს, რათა ვირუსთან გამკლავება შეძლოს. ამ დროს აშშ-ს WHO-დან გასვლა არ არის ის, რაც მსოფლიოს სჭირდება“,- განაცხადა ნაბარომ.
ცნობისთვის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასა და კონგრესს ორგანიზაციიდან გასვლის შესახებ ოფიციალურად შეატყობინა. ტრამპმა ეს გადაწყვეტილება მაისში, კორონავირუსის პანდემიის გამო ჩინეთთან შექმნილი დაძაბულობის ფონზე მიიღო.
ამასთანავე, დემოკრატიული პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატის, ჯო ბაიდენის განცხადებით, მისი პრეზიდენტობის პირველივე დღეს აშშ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას შეუერთდება.











