დღეს 11 ოქტომბერს თბილისში სტარტს აიღებს და 16 ოქტომბერს ბათუმში დასრულდება ქალთა პირველი რალი, სახელწოდებით „სათავგადასავლო რალი“.
რალის მონაწილეები ექვსი დღის განმავლობაში საქართველოს თითქმის ყველა რეგიონს მოივლიან და დაახლოებით 1 500 კილომეტრს დაფარავენ.
რალიში 30 ავტომოყვარული, ანუ, 15 ეკიპაჟი მონაწილეობს.
როგორც რალის მონაწილე, ლია მგელაძე „პრაიმტაიმნიუსთან“ აცხადებს, რალის ორგანიზატორი არის ევროპაში მცხოვრები საფრანგეთის მოქალაქე ქართველი ქალბატონი, ვერა მურღულია და მას სურს ევროპელებს გააცნოს საქართველო. ტურნირის მიზანია შექმნან რბოლა სიჩქარისა და წამზომის გარეშე და ასევე, უგზოო ავტორბოლაზე ახალი ხედვა.
„დღეს ავიღეთ 11 საათზე სტარტი თბილისის „რედისონთან“ და 16 ოქტომბერს დავასრულებთ ბათუმის „რედისონთან“.
ამ წუთას მივემართებით დავით გარეჯისკენ. პირველი დავალება შევასრულეთ და მივემართებით მეორე დავალების შესასრულებლად.
ეს არის ქალთა პირველი რალი, თუმცა გვაქვს უფლება, შტურმანი იყოს მამაკაცი.
ჩემი მეწყვილე და შტურმანი არის დავით ქაცარავა, საკმაოდ გამოცდილია და იმედი მაქვს, გავიმარჯვებთ.
ქართველების გარდა ამ რალიში მონაწილეობა უნდა მიეღო ევროპის სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელს, თუმცა პანდემიამ გარკვეული კორექტივები შეიტანა და ყველა ქვეყნიდან ვერ მოახერხეს ჩამოსვლა. როგორც ვიცი, მონაწილეობენ ავტომოყვარულები საფრანგეთიდან და შვედეთიდან.
საკმაოდ რთული რალი გველოდება წინ. გზა არ ვიცით. რუქების და ჩვენთვის სასურველი ნავიგაციის სისტემის დახმარებით უნდა ვიპოვოთ დანიშნულების ადგილი, ფოტო გადავიღოთ იქ და ავტვირთოთ.
ასევე, იმ სოფლებში, სადაც მოგვიწევს მისვლა, საჩუქრებს ჩავიტანთ, წიგნებს, სათამაშოებს, ტანსაცმელს და ჰიგიენურ საშუალებებს“, – აცხადებს ლია მგელაძე.











