„ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ნაკლები იქნება იმ 1200-ლარიანი დახმარების კანდიდატი, ანუ მაქსიმალურად შეინარჩუნებენ ადამიანები სამუშაო ადგილს და არ დაკარგავენ სამსახურს, ამისთვის ყველაფერს ვაკეთებთ“,- ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ „პირველ არხთან“ საუბრისას განაცხადა.
როგორც მინისტრი ამბობს, უკვე დაწყებულია სარესტორნო ინდუსტრიიდან სესხების პროცენტის სუბსიდირებაზე განაცხადების მიღება.
„უნდა გავიდეს თუნდაც ერთი თვე, რომ ჩვენ დავინახოთ ვინ შეინარჩუნა და ვინ, სამწუხაროდ, დაკარგა სამსახური და დროებით დავუკომპენსიროთ ეს დანაკარგი.
ძალიან ვჩქარობთ და უკვე დაწყებულია გუშინდელი დღიდან განაცხადების მიღება ტურისტული სექტორიდან, კერძოდ, სარესტორნო ინდუსტრიიდან სესხების პროცენტის სუბსიდირებაზე „აწარმოე საქართველოს” ფარგლებში. ესეც გვინდა, რომ რაც შეიძლება სწრაფად დავახმაროთ, რადგან მათთვის ღირებულია, რომ რაც შეიძლება მალე მიიღონ ეს ფინანსური დახმარება და შეინარჩუნონ მაქსიმალურად სამუშაო ადგილები“, განაცხადა თურნავამ.











