სავაჭრო ცენტრების წარმომადგენლები პრემიერ-მინისტრს მიმართავენ და შეზღუდვების ალტერნატიულ გზას სთავაზობენ.
როგორც ჩატარებულ ბრიფინგზე აღნიშნეს, ცენტრების დახურვის შემთხვევაში, უმუშევრად 17 ათასი ადამიანი რჩება.
„არანაირი წინაპირობა იმასთან დაკავშირებით, რომ იკეტებოდა სავაჭრო ცენტრები, არ არსებობდა. კეთდებოდა საჯარო განცხადებები, რომ ეს არ მოხდებოდა. ყოველი დღე, როდესაც ეს ცენტრები დაკეტილია, არის 10 მილიონი ზარალი. ჩვენთან არის დასაქმებული 17 ათასი ადამიანი, რომელიც არსებული ობიექტების დაკეტვის შემდეგ სამუშაოს გარეშე რჩება და ახალ წელს საკმაოდ რთულ ვითარებაში შეხვდება.
ჩვენ გვქონდა საკმაოდ ინტენსიური კომუნიკაცია ხელისუფლებასთან, როდესაც გაჟღერდა, რომ იქნებოდა წერტილოვანი შეზღუდვები, თუმცა 24 საათში შეიცვალა ეს ყველაფერი და ფაქტობრივად აღმოვჩნდით სრული ლოქდაუნის წინაშე“, – აღნიშნა ერთ-ერთმა წარმომადგენელმა.











