აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის რეზოლუციის ტექსტი გამოაქვეყნა.
იმპიჩმენტის რეზოლუციის ტექსტი ერთი მუხლისგან შედგება, რომელშიც დონალდ ტრამპს ბრალი ამბოხის წაქეზებაში ედება.
ინიციატივის ავტორები დარწმუნებულნი არიან, რომ დონალდ ტრამპმა თავისი საქციელით აშშ-ის კონგრესთან არეულობა წააქეზა და ცხადყო, რომ აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოებისთვის, დემოკრატიასა და კონსტიტუციისთვის საფრთხეს წარმოადგენს, თუ მას თანამდებობაზე დარჩენის საშუალება მიეცემა.
ვითარება ვაშინგტონში 6 იანვარს, მას შემდეგ დაიძაბა, რაც დონალდ ტრამპის მხარდამჭერები კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრნენ, სადაც საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს ამტკიცებდნენ.











