„ქართული ოცნების“ გარდაბნისა და მარნეულის მაჟორიტარობის კანდიდატი, ზაურ დარგალი ამბობს, რომ ძალადობა „ნაციონალური მოძრაობის“ სტილია, რომელიც „ოცნების“ შტაბის წინ პროვოკაციას აწყობდა.
როგორც იგი აღნიშნავს, „ქართული ოცნება“ იქნება იმის გარანტი, რომ კამაპანია მშვიდ ვითარებაში გაგრძელდება.
,,გუშინ დილის საათებიდან „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან დაიწყო სხვადასხვა სახის პროვოკაციები, რომელიც დღის განმავლობაში გაგრძელდა. შემდგომ, საღამოს საათებში როდესაც ჩვენი აქტივისტები ისხდნენ შტაბის წინ, მოვარდნენ “ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები და დედა აგინეს ყველას ვინც შტაბის წინ იჯდა, რის შედეგადაც მოხდა ჩხუბი და ფიზიკური დაპირისპირება. ძალიან სამწუხაროა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ აქტიურად აგრძელებს თავის პროვოკაციულ მოქმედებებს, მათ იციან, რომ მარნეულში და მთელი საქართველოს მასშტაბით წაგებული აქვთ არჩევნები იმ ფონზე, როდესაც ჩვენ ძალიან პოზიტიური საარჩევნო კამპანია გვაქვს.
ჩვენ ვემიჯნებით ყველანაირ ძალადობას, სამართალდამცავი ორგანოები არიან ჩართული და მივიღებთ შედეგს ამასთან დაკავშირებით. ძალადობა არ არის ჩვენი სტილი, ძალადობა არის „ნაციონალური მოძრაობის“ სტილი, რომელიც დილიდან პროვოკაციას აწყობდა „ქართული ოცნების“ შტაბის წინ. ჩვენ მშვიდობიან გარემოში ვაგრძელებთ საარჩევნო კამპანიას და ვართ იმის გარანტი, რომ არანაირი პროვოკაცია არ მოხდეს. მოსახლეობას დიდ მხარდაჭერას ვგრძნობთ და აუცილებლად მოვიგებთ ამ არჩევნებს,“ – განაცხადა ზაურ დარგალმა.
ცნობისთვის, გუშინ მარნეულში „ქართული ოცნებისა“ „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტები სიტყვიერად და ფიზიკურად ერთმანეთს კიდევ ერთხელ დაუპირისპირდნენ. არსებული ინფორმაციით, დაპირისპირების შედეგად, ოპოზიციის სამი წარმომადგენელი დაშავდა. ასევე, დაზიანდა ავტომობილიც. ასევე, დაშვებულია ორი ჟურნალისტი.











