ადაპტაციის, თანაცხოვრების ფაზა კორონავირუსულ ინფექციასთან ერთად სულ მცირე კიდევ ერთი წელი უნდა გავიაროთ, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, ვაქცინა შესაძლებელია, ამ წლის ბოლოს გარკვეული რაოდენობით იყოს.
„ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს გარღვევა იქნება, იმდენად გააქტიურებულია მუშაობა, რომ შეიქმნას ვაქცინა ან წამალი. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორის განცხადება მოვისმინეთ გუშინ, რომ ვაქცინა შესაძლებელია ამ წლის ბოლოს იყოს გარკვეული რაოდენობებით. ალბათ, ის ხელმისაწვდომი უფრო მომავალი წლის გაზაფხულზე იქნება, მაგრამ 7 მილიარდ ადამიანს ვერ აცრიან, ამიტომ დიდი აქცენტი კეთდება წამლის შექმნაზე. ცუდია, რომ სიკვდილიანობა გვაქვს 1,2, ან სამი, მაგრამ საქართველოში სიკვდილიანობის ყველაზე დაბალი პროცენტია – 0.62-ია. ამიტომ რეკომენდაციების შესრულებას უნდა მივეჩვიოთ. ძალიან კარგია, რომ პირბადეს შევეჩვიეთ, ხელს ვიბანთ და ნახავთ, რომ ეს გრიპის სეზონზეც დადებითად იმოქმედებს“ , – განაცხადა გამყრელიძემ.











