ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ევროკავშირის ელჩს – კარლ ჰარცელს შეხვდა. ამბის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, ორივე მხარემ თანამშრომლობის საკითხები და სამომავლო გეგმები განიხილეს. ასევე, მათ ისაუბრეს COVID-19-ზე გადაუდებელი რეაგირების პროექტის ფარგლებში განხორციელებულ და დაგეგმილ აქტივობებზეც, რომლებსაც ევროკავშირი აფინანსებს.
ინფორმაციის მიხედვით, საუბარი ვაქცინასთან დაკავშირებული საკითხებსაც შეეხო. ეკატერინე ტიკარაძის თქმით, სამინისტრო ვაქცინის შესყიდვის მიზნით აქტიურად თანამშრომლობს „კოვაქს“ პლატფორმასთან. მინისტრის განცხადებით, ვაქცინის მწარმოებელ კომპანიებთან დამატებითი დოზების მობილიზების მიზნით მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
„პრიორიტეტული საკითხი კვლავ ვაქცინაციაა. ევროკავშირის ელჩი ყველა იმ საკითხით დაინტერესდა, რომელიც დღესდღეობით ქვეყანაში მიმდინარეობს. კარლ ჰარცელმა გამოხატა მზაობა, რომ ჩაერთოს მოლაპარაკებების პროცესში. ევროკავშირის ელჩს ყველა დეტალთან დაკავშირებით ამომწურავი ინფორმაცი მივაწოდეთ“ – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
სამინისტროს განცხადებით, ასევე ვიგებთ, რომ ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელის თქმით, იგი იმედოვნებს, რომ ვაქცინაციასთან დაკავშირებული ყველა პროცესი წარმატებით განხორციელდება.
„შეხვედრაზე ვაქცინაციასთან დაკავშირებით ვისაუბრეთ.განვიხილეთ ამ პროცესში ევროკავშირის ჩართულობა. ჩვენ საქართველოს სამედიცინო აღჭურვილობა გადავეცით, რათა სამედიცინო პერსონალმა უსაფრთხოდ იმუშავოს. მჯერა , რომ ვაქცინაციასთან დაკავშირებული პროცესები წარმატებით განხორციელდება“ – განაცხადა ევროკავშირის ელჩმა.
“შეგახსნებეთ, რომ „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონში, საკანონმდებლო ცვლილებები განხორციელდა, რაც ვაქცინის დაუბრკოლებლად შემოტანასთან დაკავშირებით სამართლებრივ საფუძველს ქმნის” – წერია განცხადებაში.











