გორში კორონავირუსი „ემბავუდის“ თანამშრომელს დაუდასტურდა. მისი ინფიცირების წყარო უცნობია. ავეჯის მაღაზიის 8 თანამშრომელი თვითიზოლაციაშია.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეგიონული წარმომადგენლის, ეკა ქორჩაშვილის თქმით, მიმდინარეობს ღრმა ეპიდემიოლოგიური კვლევა.
ნიმუშების პასუხს ელოდებიან დაავადებული ქალის შვილისგანაც, რომელიც ერთ-ერთ საფინანსო ორგანიზაციაში მუშაობს, თუმცა ეკა ქორჩაშვილის თქმით, შვილის კონტაქტები თითქმის გამორიცხულია, რადგან ის სამსახურში დისტანციურად მუშაობდა.
„ქალბატონს ნამდვილად დაუდასტურდა კორონავირუსი. ამჟამად მიმდინარეობს მისი თანამშრომლების კვლევები, ნიმუშები გაიგზავნება ლუგარის ლაბორატორიაში. ასევე შემოწმებას გადიან ოჯახის წევრები, მისი შვილის ნიმუშებიც გაგზავნილია ლაბორატორიაში. შვილი სამსახურში დისტანციურად მუშაობდა, ის ერთ-ერთი მიკროსაფინანსო ორგანიზაციის თანამშრომელია. დისტანციური მუშაობის მიუხედავად, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის თანამშრომლებს მაინც უტარდებათ კვლევა. ამ ეტაპზე გორის მუნიციპალიტეტში თვითიზოლაციაში 8 ადამიანი იმყოფება“, – აღნიშნა ეკა ქორჩაშვილმა.
ბოლო მონაცემებით:
ქვეყნის მასშტბით ინფიცირების 837 შემთხვევა დადასტურდა, აქედან გამოჯანმრთელებულია 697 ადამიანი.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 3213 ადამიანი, სტაციონალური მეთვალყურეობის ქვეშ 303.
გარდაიცვალა – 13.











