ჩაერთვება თუ არა შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში და იბრძოლებს თუ არა ის სამცხე-ჯავახეთის ერთ-ერთ ოლქში მაჟორიტარობისთვის, ამ საკითხთან დაკავშირებით, „ნაციონალურ მოძრაობაში“ ინფორმაციას კვლავ არ ფლობენ. როგორც „პრაიმტაიმნიუსთან“ პარტიის პოლიტსაბჭოს წევრმა გიორგი ბარამიძემ განაცხადა, მას მერაბიშვილის პოლიტიკური გეგმების შესახებ ინფორმაცია არ გააჩნია.
სააგენტო დაინტერესდა, არის თუ არა მერაბიშვილი ოფიციალურად „ნაციონალური მოძრაობის წევრი“. ამ საკითხთან დაკავშირებით, ბარამიძემ განაცხადა, რომ პარტიიდან გასვლის თაობაზე მერაბიშვილისგან განცხადება არავის მოუსმენია, შესაბამისად, მისი პარტიიდან გაშვების საკითხი, სავარაუდოდ, დღის წესრიგში არ დამდგარა.
„არ მაქვს ინფორმაცია, ჩაერთვება თუ არა ვანო მერაბიშვილი არჩევნებში. ვანო მერაბიშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი და ლიდერი იყო. მას პარტიიდან გასვლის თაობაზე არ განუცხადებია. გახსოვთ, როცა ის 2016-ში ციხეში იყო, „ნაციონალური მოძრაობა“ აპირებდა, რომ ის დაეტოვებინა პარტიის გენერალური მდივნის თანამდებობაზე სოლიდარობის ნიშნად, მაგრამ მან ამაზე უარი განაცხადა.
პარტიიდან გასვლის თაობაზე მას გადაწყვეტილება არ მიუღია. ერთის მხრივ, მან თანამდებობაზე დარჩენაზე უარი განაცხადა, მაგრამ პარტიიდან გავლის თაობაზე ჩვენ მისი განცხადება არ მოგვისმენია და არ გვინახავს. არ ვიცი, არის თუ არა ის ახლა პარტიის წევრი“,- განაცხადა ბარამიძე.
ინფორმაციისთვის, მერაბიშვილის პოლიტიკურ გეგმებზე რამდენიმე კვირის წინ ღიად ისაუბრა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა. როგორც მან დიმიტრი გორდონისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, „მერაბიშვილი სახალხო არჩევნებში გამარჯვებისთვის ემზადება“.
ავტორი: ეკატერინე ზარნაძე











