„პატრიოტთა ალიანსის“ ყოფილი წევრი ემზარ კვიციანი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს. ამის შესახებ დეპუტატმა „პრაიმტაიმნიუსთან“ საუბრისას განაცხადა. როგორც კვიციანმა აღნიშნა, მას წლის მთავარ პოლიტიკურ მარათონში მონაწილეობა იმიტომ არ სურს, რომ საქართველოში დემოკრატიული არჩევნები არ ჩატარდება.
“არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ვინ არის ოპოზიციაში დაქსაქსული და ვინ – არა. უცხოეთიდან რა პროცენტიც არის დავალებული, იმ პროცენტს დაუწერენ ყველ პარტიას. საერთოდ, ამ არჩევნებში მონაწილეობა არის სისულელე.
ალბათ, არჩევნებში მონაწილეობას არ მივიღებ. არანაირი პერსპექტივა, რომ დემოკრატიულად ჩატარდეს არჩევნები, არ არსებობს. ერთი, ორი, სამი კონგრესმენი თითს დაუქნევენ საქართველოს ხელისუფლებას, ამდენ პროცენტს დაუწერენ პარტიებს და იტყვიან, რომ ეს ადამიანი ციხიდან გამოუშვით, სამართლიანობა არ აღვუდგინოთო. ამ კოლონიაში არასოდეს თავისუფალი არჩევნები არ იქნება”,- განაცხადა კვიციანმა.
ამასთან, კვიციანმა განაცხადა, რომ ის პარტიაში გაწევრიანების მიზნით, პოლიტიკურ კონსულტაციებს არც ერთ პარტიასთან აწარმოებს.
„ყველაზე ძლიერი პარტიიდან გამოვედი და რომელ პარტიასთან მექნება მოლაპარაკება?“,- განაცხადა კვიციანმა.
ინფორმაციისთვის, „პატრიოტთა ალიანსის“ ყოფილმა დეპუტატმა ემზარ კვიციანმა პარტია ერთ თვეზე მეტია, რაც დატოვა. აღნიშნულის მიზეზი მას საჯაროდ არ განუმარტავს.
ავტორი: ეკატერინე ზარნაძე











