ჩვენ, 12 მაჟორიტარობის კანდიდატი არ ვაპირებთ ივანიშვილის ამ ფარსში მონაწილეობას, – ამის შესახებ “ენმ-ძალა ერთობაშიას” მაჟორიტარობის ერთ-ერთმა კანდიდატმა, გიორგი ბოტკოველმა ბრიფინგზე განაცხადა.
ბოტკოველის თქმით, არჩევნების მეორე ტურს ბოიკოტი ოფიციალურად გამოუცხადა აჭარის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარობის 2-მა კანდიდატმაც.
“ჩვენ ის 12 მაჟორიტარობის კანდიდატი, ვინც ბიძინა ივანიშვილის მიერ დაწერილი არჩევნების შედეგად ვართ დღეს მეორე ტურში, უარს ვაცხადებთ და არ ვიღებთ მონაწილეობას იმ ფარსში, რომელი ფარსიც დადგა ივანიშვილმა 31 ოქტომბერს და უნდა, რომ ეს ყველაფერი გააგრძელოს 21 ნოემბერსაც, ასევე ამ ბოიკოტს უერთდება აჭარის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარობის 2 კანდიდატი” – განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.
შეგახსენებთ, 2020 წლის 31 ოქტომბრის შედეგებს ოპოზიცია არ აღიარებს და პარლამენტს ბოიკოტს უცხადებს. ისინი ხელახალ არჩევნებსა და ცესკოს თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას გადადგომას ითხოვენ.
საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური 21 ნოემბერს გაიმართება. ოპოზიცია მეორე ტურში მონაწილეობას არ მიიღებს.











